29 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
ვინ რამდენი ლარით დაჯარიმდება პირბადის არქონის შემთხვევაში - პარლამენტი ცვლილებებზე მსჯელობს

პარლამენტი ცვლილებებს განიხილავს, რომლის თანახმადაც, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკური პირები 20 ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო იურიდიული პირები - 500 ლარით. 20-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ტაქსის შემთხვევაშიც.

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ კანონპროექტის მომხსენებელ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ უკვირს, რატომ არ ხდება პარლამენტში დისტანციის დაცვა.

"ბატონო ანრი, ისეთი დრამატიზმით საუბრობდით პირბადის აუცილებლობასა და საჭიროებაზე და იმდენად სასიცოცხლო მნიშვნელობა მიანიჭეთ მას COVID-19-ის დამარცხების პროცესში, მე მიკვირს, ახლა პირბადე რომ არ გიკეთიათ და ისე არ საუბრობთ. ისიც მიკვირს, სოციალურ დისტანციას ამ დარბაზში, სადაც 100-ზე მეტი დეპუტატი იკრიბება, რატომ ვერ და არ ვიცავთ. ფაქტია, რომ არ ვიცავთ.

რომელ ქვეყნებშია კანონით დადგენილი პირბადის ვალდებულება. რატომ იყო ჯერ განსაზღვრული 50 ლარი და რატომ 20 ლარი, რითი გაიზომა პროპორციულობა?" - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ნუკრი ქანთარიამ მომხსენებელს შესთავაზა - "ხომ არ ჯობია, პირბადის ტარების წესის დარღვევის პირველ შემთხვევაში ჯარიმა იყოს 10 ლარი, განმეორების შემთხვევაში - 20, ხოლო და შემდეგ იყო თუნდაც 100 ლარი.

ხან გვიკეთია ნიღაბი, ხან არ გვიკეთია, გამოვდივართ და ლაპარაკის დროს ვიხსნით, მერე ვიკეთებთ, ახლა მე განგებ არ მოვიხსენი. ამას ჩვენი საზოგადოება დაინახავს, იგივე რომ გაიმეოროს და ავტობუსში ლაპარაკის დროს მოიხსნას, მერე გაიკეთოს, ის ალბათ დაექვემდებარება ჯარიმას არა? ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ეს გასათვალისწინებელია.

როგორც წარმოგიდგენიათ ამის აღსრულება? ვიცი, რომ არც ავტობუსში, არც ბანკში, არც მაღაზიაში არ უშვებენ ნიღბის გარეშე. ჯარიმა ვისზე უნდა იყოს, ვინც შეიპარება ან იქ შევა და შემდეგ მოიხსნის? როგორ უნდა მოხდეს აღსრულება, ალბათ, გიფიქრიათ ამაზე," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა დაინტერესდა, როგორ მოხდება რესტორნებში აღსრულება.

"საკმაოდ ბევრი რესტორანია, რომელსაც აქვს 250-კაციანი დარბაზები. თუ ვინმეს სურს დაბადების დღის გადახდა. ამ 200 კაციანი დარბაზიდან 50 ადამიანი 10 მაგიდაზე გადანაწილდა, როგორ მოხდება იდენტიფიცირება, დაბადების დღე გადაიხადა, თუ ნათლობა, ანუ ასრულების ნაწილში როგორ წარმოგვიდგენია," - განაცხადა კუჭავამ.

თავის მხრივ, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ თითოეული რეგულაცია მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის არის მიღებული.

"ჩვენ გვესმის ერთი მხრივ ზოგიერთი ოპოზიციურ ჯგუფის მხრიდან ძალიან უპასუხისმგებლო და სპეკულაციური განცხადებები, რომ თურმე ჩვენ რაღაცას ვკრძალავთ. შემოგვაქვს ახალი აკრძალვა. თითქოს ის ჯარიმები და რეგულაციები, რომელსაც ჩვენ ახლიდან ვაწესებთ, არის ჩვენი საზოგადოების ინტერესებისთვის საზიანო. არის საკითხები, რომელიც მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს, ნაკლებად პოპულისტურია. მე არასოდეს არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე. ამიტომ, ამ პასუხისმგებლობით მივუდექი მე ამ საკითხს. მე არ გამომაქვს პოპულისტური კანონი. მე გამიხარდებოდა, მესაუბრა იმაზე, რომ - იცით რა, ხვალიდან იხსნება შეზღუდვები, ხვალიდან დაშვებულია ქორწილები, იუბილე, თუმცა მე ამას ვერ გეტყვით. ვინაიდან ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რის წინაშე ვდგავართ.

საზოგადოებას ვერ გავამხნევებ იმ თვალსაზრისით, რომ ქორწილის გადახდა იქნება ნებადართული. არ იქნება ასე, სამწუხაროდ. ვერ იქნება ვერც იუბილის გადახდა ნებადართული რესტორნებში," - განაცხადა ოხანაშვილმა.

დღის ამბები