29 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
მეშახტეებსა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკება რამდენიმე საათია გრძელდება - შეთანხმება ამ დრომდე არ არის მიღწეული

ტყიბულში მეშახტეებსა და კომპანია "ქოალ ოფ ჯორჯიას" ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკება რამდენიმე საათია გრძელდება. ამ დრომდე მეშახტეების მოთხოვნებზე შეთანხმება ვერ შედგა. კომპანიას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ათასამდე მეშახტე უსაფრთხოების ზომების დაცვას და ხელფასების მატებას მოითხოვს. ისინი მუშაობის გაგრძელებაზე უარს აცხადებენ, რადგან, მათი თქმით, არსებულ პირობებში მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ტყიბულის მეშახტეთა პირველადი პროფესიული კავშირის წარმომადგენლის, გაგა ისაკაძის განცხადებით, სავარაუდოდ, შახტში არსებულ მდგომარეობას ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის კომისია შეისწავლის, რომელსაც მომავალ კვირაში ელოდებიან.

"ველოდებით ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობის ჯგუფს, რომელიც ჩამოვა და დაახლოებით 15 რიცხვში დადებს დასკვნას, ხოლო ამ დასკვნის მიხედვით გადაწყდება, შეიძლება თუ არა მინდელის სახელობის კლეტით ხალხის ჩასვლა შახტში. დღესდღეობით, მეშახტეებს შიში აქვთ იმისი, რომ შეექმნებათ სიცოცხლესთან დაკავშირებით საფრთხე და აცხადებენ უარს შახტში ჩასვლაზე," – განაცხადა გიორგი ისაკაძემ.

მეშახტეების თქმით, მათი გადაწყვეტილება უცვლელია. მათი მოთხოვნებია უსაფრთხოების ზომების დაცვა, ხელფასების მატება და გაცდენილი სამუშაო დღეების ანაზღაურება.

"გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მოთხოვნა არის უცვლელი. დამხმარე ჭაურების უსაფრთხო მდგომარეობაში მოყვანა და შემდეგ განახლდეს მუშაობა, ხალხის ჩაყვანა შახტებში. მოთხოვნა არის, ასევე, ხელფასების მომატება, რაც იყო დაპირება ახალი კომპანიის მოსვლის პერიოდში და განაცდური დღეების ანაზღაურება, რა თქმა უნდა, რაც ჩვენი მიზეზით არ გაცდენილა ეს დღეები," - აცხადებს ერთ-ერთი მეშახტე.

მეშახტეების პროტესტი ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტს მოჰყვა. საუბარია მინდელის შახტში ლიფტის ჩავარდნის შესახებ, რა დროსაც ლიფტში 22 მეშახტე იმყოფებოდა. 

დღის ამბები