ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 822 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი 690-ია, რაც საერთო შემთხვევების დაახლოებით 84%-ს შეადგენს.
მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების და გარდაცვლილების რაოდენობის გამოკლებით ამ ეტაპზე კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რიცხვი 119-ია.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში დაფიქსირებული 4 ახალი შემთხვევიდან 1 არის ე.წ. საბურთალოს წყაროდან და დადასტურებული შემთხვევების კონტაქტს წარმოადგენს, 2 - იმპორტირებული შემთხვევა საკარანტინო ზონიდან, ხოლო 1 არის სამედიცინო პერსონალი. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა ხელმძღვანელმა დააკონკრეტა, რომ დაინფიცირებული მედიკოსი მისი საავადმყოფოს პერსონალს არ წარმოადგენს.
მარინა ეზუგბაიას თქმით, 5 თვე გავიდა, რაც ინფექციური საავადმყოფო კოვიდინფიცირებულებთან დაკავშირებით მუშაობს და მათ სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ ჰქონიათ. ამასთან, ეზუგბაიამ არ დააკონკრეტა, რომელი კლინიკის წარმომადგენელია დაინფიცირებული.
ახალი შემთხვევებიდან ინფექციურ საავადმყოფოში 2 პაციენტი შევიდა.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოში ამ დროისთვის ერთი მძიმე პაციენტია, რომლის მდგომარეობაც დასტაბილურდა და გაუმჯობესებისკენ ვითარდება.
მარინა ეზუგბაიას თქმით, არსებობს მეორე ტალღის შესაძლებლობაც, ამიტომ საზოგადოება არ უნდა მოდუნდეს, შეძენილი უნარ-ჩვევები შეინახონ.
"თუ პირველ ეტაპზე მზად ვართ, მეორე ეტაპზეც მზად უნდა ვიყოთ," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.