29 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
მოვუწოდებთ მოქალაქეებს აქტიურად ესტუმრონ ჩვენს სასტუმროებს - ნათია თურნავა

ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებული რეგულაციები პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებთან განიხილა. გიორგი გახარიას თქმით, კრიტერიუმების შემუშავების პროცესში უმთავრესი პრიორიტეტი საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაა, რათა ეპიდემიასთან ბრძოლაში ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატება საფრთხის ქვეშ არ დადგეს. ამასთან, აქტიურად გრძელდება მოლაპარაკებები საერთაშორისო დონეზე ე.წ. უსაფრთხო მიმართულებების იდენტიფიცირების კუთხით.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად ეწვიონ სასტუმროებს საქართველოში.

"მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ აქტიურად ესტუმრონ ჩვენს სასტუმროებს და შიდა ტურიზმი უფრო ინტენსიური იყოს. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც ვისაუბრეთ, ეს არის ჩვენი მზადება საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ჩვენი ქვეყნის გახსნის. აქ ჩვენ დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ვითარებას, ვაკვირდებით ყოველდღიურად, თუ როგორ იცვლება ეპიდემიოლოგიური ვითარება სხვადასხვა ქვეყანაში,"-განაცხადა ნათია თურნავამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, უახლოეს დღეებში ვროკავშირის შიგნითაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება არაევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებაში ტურიზმის გახსნის თვალსაზრისით.

"ჩვენ ველით, რომ უახლოეს დღეებში ევროკავშირის შიგნითაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება არაევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებაში ტურიზმის გახსნის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, საქართველო აღიარებულია ევროკავშირის შიგნით, როგორეც უსაფრთხო ქვეყანა, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი პანდემიასთან ბრძოლას. მაგრამ, მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად იყოს დაცული კრიტერიუმები და შესაბამისობაში იყოს ევროკავშირთან,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ შიდა ტურიზმი ქვეყანაში 15 ივნისიდან იხსნება.

დღის ამბები