29 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
არ გვყავს უპირობო ატამანი, პოლიტიკური ლიდერი, ჩვენ განწირულები ვართ ურთიერთთანამშრომლობისთვის - დავით ბერძენიშვილი

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის თქმით, მისი პარტია მუდმივად ცდილობდა, რომ ხელისუფლებაში კოალიციურობის ფასი გაეზარდა, ხელისუფლების მეთაურები კი, ჯერ ერთპარტიულობისაკენ, შემდეგ კი ერთპიროვნული მმართველობისკენ მიისწრაფვოდნენ.-ამის შესახებ ბერძენიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ამის გამოკვეთილი მაგალითია ბიძინა ივანიშვილის მმართველობაც, რომელიც დაიცალა არა მხოლოდ კოალიციური პარტნიორებისგან, არამედ საკუთარი პარტიის პოლიტიკოსებისგანაც. ბერძენიშვილის თქმით, ამ თვალსაზრისით, ამჟამად, ოპოზიციას ბოლო 3 ათეული წლის მანძილზე გაცილებით მომგებიანი ვითარება აქვს, რადგან უპირობო ლიდერი არ ჰყავს:

"ჩვენ ახლა, არ გვყავს არც ერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც არის მთელი ოპოზიციის გამაერთიანებელი, უპირობო ატამანი. ჩვენ არ გვყავს არც ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ერთი ებრძვის ამ ხელისუფლებას დასამარცხებლად. ჩვენ განწირულები ვართ ურთიერთთანამშრომლობისთვის. როგორც ადამიანი იბადება და განწირულია თავისუფლებისთვის, ისე ჩვენ ადამიანთა ჯგუფები 21-ე საუკუნეში ლიბერალურ დემოკრატიაში  განწირულები ვართ, რომ შევქმნათ 4-5 სუბიექტიანი კოალიციური მმართველობა. ნებისმიერი მცდელობა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ისე პროსახელისუფლებო ექსპერტების მხრიდან, ისე გაუთვითცნობიერებელი ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან, რომ საარჩევნო სლოგანად აიღოს, რომ არიქა მიშას დიქტატურა გინდათ, ეს არ არის პრაგმატულად სწორი. გაცვდა, იმიტომ რომ ყველაზე უფრო პოზიტიური შედეგის შემთხვევაშიც კი, ენმ-ს დეპუტაცია იქნება დაახლოებით ნახევარი. ენმ ატამანი კი არ არის, არის ყველაზე უფრო მეტი ხმის პოლიტიკური გაერთიანება. ეს ყველა ჩვენგანის მხრიდან არის აღიარებული განსაკუთრებული კმაყოფილების გარეშე. მე არ ვარ ამით აღფრთოვანებული, მირჩევნია რესპუბლიკური პარტია უფრო მაგარი იყოს," - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

 

 

დღის ამბები