29 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
თუ არ ვიკამათებთ, მაშინ უნდა მოატყუო ხალხი, მაშინ იქნებოდა ვაჭრობის სუნი დახურულ კარს მიღმა - ელენე ხოშტარია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მიუხედავად ღირებულებებით განსხვავებისა, გაერთიანებულ ოპოზიციას ერთი საერთო მიზანი აქვს - სწრაფვა დაბალანსებული ძალაუფლებისკენ. ხოშტარია მიიჩნევს, რომ განსხვავებების მიუხედავად, ამ მიზნისკენ სწრაფვა მიანიშნებს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მზაობას კოალიციური მთავრობისთვის.

"20 ივნისის შემდეგ, საზოგადოების, იმ ადამიანების, ვისაც ჯანმრთელობა დაუზიანდა, ვინც თავგანწირვით იბრძვის, ვისაც იქ აკავებდნენ და ა.შ. ამ მკაფიო დაკვეთას, რომ საქართველო უნდა გადავიდეს დაბალანსებული ძალაუფლების ეტაპზე, ოპოზიციურმა კლასმა უპასუხა ძალიან ღირსეულად. არა იმიტომ, რომ ჩვენ ყველა ერთი და ერთნაირები გავხდით, არა იმიტომ, რომ ვაპირებთ ერთმანეთთან კამათი შევწყვიტოთ, არამედ პირიქით, ბევრი ვიკამათოთ, რომ საბოლოო ჯამში ხალხმა გააკეთოს არჩევანი, ძალაუფლების რა პროპორციები უნდა იმ დაბალანსებულ ხელისუფლებაში. კარგია, რომ ვკამათობთ ამ ფორმულაზე, კარგია, რომ ბევრმა პოლიტიკოსმა მოხსნა კანდიდატურა.

ძალიან მადლობელი ვარ მხარდაჭერის, მაგრამ ჩემში არ არის საქმე. თუ არ ვიკამათებთ, მაშინ უნდა მოატყუო ხალხი, მაშინ იქნებოდა ზუსტად ეს ვაჭრობის სუნი დახურულ კარს მიღმა, რომ იქ რაღაცას ვთანხმდებით და გამოვდივართ მერე უბრალოდ ხალხის მოსატყუებელ ერთიანობაში. ერთის მხრივ, ყველას გვესმის, რომ ცალ-ცალკე ვერავინ ვამარცხებთ "ქართულ ოცნებას," მაგრამ კიდევ უფრო დიდია ეს ამოცანა, ჩვენ მოგვიწევს კოალიციურ მთავრობაში მუშაობა, ჩვენ მოგვიწევს ამ განსხვავებების მიუხედავად, ქვეყნის ამოცანებზე კონცენტრირება.

დარჩა კიდევ რაღაც საკითხები შესათანხმებელი, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ ყოველდღე ამ სულისკვეთების გამომხატველი პოზიცია გვაქვს. ოქრუაშვილმა თქვა, რომ მე გვერდზე გავდგები, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ "ლელო" ამ მოლაპარაკების ნაწილი იყოს. შეიძლება რაღაც მომენტში "ლელო" გავაკრიტიკო, თავისი სტრატეგია აქვს, პატივს ვცემ ამ სტრატეგიას, თუმცა, ისინი პასუხისმგებლები იქნებიან საკუთარ პოზიციაზე ამომრჩევლების წინაშე

ღირებულებების და პოზიციების განსხვავება არის ქვეყნის მრავალფეროვნება, ეს არის ამომრჩევლის სეგმენტების ამსახველი ჯგუფები, რომლებიც არიან განსხვავებულები და ჩვენ წინ ცხარე კამათები მოგვიწევს. მაგრამ ის, რომ ჩვენ შევძელით მთავარ ამოცანებზე - პროპორციულ არჩევნებზე, სასამართლოზე და, ზოგადად, დაბალანსებულ ძალაუფლებისკენ სიარული, ეს უკვე მეტყველებს, რომ პოლიტიკური კლასი მართლაც მზადაა კოალიციური მართვისთვის, რაც სჭირდება ამომრჩეველს.

ყველას ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ მიუხედავად ღირებულებებით განსხვავებისა, საერთო თამაშის წესებზე შევთანხმდეთ, არანაირი ისტერიკა არ არის,"-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებული ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას ცდილობს. 

დღის ამბები