29 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
"ოპოზიციურ რვიანში" "ლელოსა" და ალეკო ელისაშვილის ჩართვა საერთო გამარჯვებისთვის მნიშვნელოვნად მიმაჩნია - დავით ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილი "ღამის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ ოპოზიციურ რვიანში მნიშვნელოვანია"ლელოს" წარმომადგენელი და ალეკო ელისაშვილი იყვნენ და  თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში მეტმა ოპოზიციონერმა კანდიდატმა მოიგოს.

"მე ვითვალისწინებდი იმ სურათს, რაზეც კონსულტაციები მიმდინარეობდა. მეორე "ლელოს" ჩართვა თბილისში, ოპოზიციურ რვიანში და ალეკო ელისაშვილის ჩართვა საერთო გამარჯვებისთვის, მნიშვნელოვნად მიმაჩნია. აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, ვისი გულშემატკივარი უფრო ვარ და ვისი ნაკლები. მე მსურს გამარჯვება თბილისში, რაც შეიძლება მეტი. მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ცალკეული ჯგუფების კონსულტაციებზე.

ირალი ოქრუაშვილმა თქვა, რომ თვითონ გაიწევა გვერდზე და არსად არ აპირებს მაჟორიტარობას. დაასახელა კიდეც, რომ მისთვის ელენე ხოშტარია, ალეკო ელისაშვილი და აგრეთვე, შალვა ნათელაშვილი არის ძალიან სასარგებლო კანდიდატები.

მე მესმის, რომ გარკვეული უხერხულობა ახლავს, მაგრამ იმის გამო, რომ გარკვეულ ინფორმაციას ვფლობ და აგრეთვე, იმის გამო, რომ რესპუბლიკელები არ ვმონაწილეობთ აქ, პრეტენზიას არ ვაცხადებთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ მაინც საქმეს წაადგება ჩემს მიერ გაჟღერებული ვერსია," - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

დავით ბერძენიშვილი ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების ფორმულას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქში 2-2 კანდიდატი "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ" და "ლელომ", თითო-თითო კი "ლეიბორისტებმა" და ალეკო ელისაშვილის "სამოქალაქო მოძრაობამ" უნდა დააყენონ. ამავე ფორმულის მიხედვით, რეგიონებში ღია კონკურენცია იმოქმედებს, სადაც იდეის ავტორი მეორე ტურების დიდ ალბათობას ელის და სწორედ მაშინ ხედავს ოპოზიციის კვლავ გაერთიანების საჭიროებას.

დღის ამბები