29 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
"ნელის პროვოკაციის მოწყობის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა" - თენგო ბასილაშვილი რძლის მხარისგან კადრების გამოქვეყნებას ითხოვს

ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმამ თენგო ბასილაშვილმა "კურიერთან" ინტერვიუში ყოფილი რძლის მხარეს მოსთხოვა, გამოაქვეყნონ კადრები, რომელიც დაზარალებული მხარის მტკიცებით, ცნობილი სპორტსმენის მხრიდან ყოფილ მეუღლეზე ძალადობას ამტკიცებს:

"თუ აქვთ ისეთი კადრები სადაც ნიკას ძალადობის ფაქტები იკვეთება, ძალიან ვთხოვთ, რომ ეს კადრები გამოაქვეყნონ. საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში. ისინი აპელირებენ იმით, რომ გვაქვს ეს კადრები და გამოვიყენებთ ამ კადრებს.

ქონებრივი დავაც შეიძლება იყოს, პირადი განადგურების მიზანიც შეიძლება იყოს...  ქალბატონი ნელი მოვიდა ჩვენთან, აქამდე ის დაუკითხავად არასდროს მოსულა, გამოლანძღა ჩვენი ოჯახის წევრები, ძალიან უხეში და უწმაწური სიტყვებით ილანძღებოდა დედაჩემის მიმართ და შემდეგ კი მამაჩემის მიმართაც. წავიდა ძალიან მშვიდად, კამერებში ჩანს როგორ მშვიდად მიდის, წავიდა პოლიციაში და დაწერა განცხადება, ვითომ ნიკამ სცემა. ნიკა თავისი ფეხით ჩავიდა, რადგან უნდოდა განცხადების დაწერა იმაზე, რომ ასე უკითხავად შემოგვეჭრა სახლში. მერე პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნიკა დაეკავებინა," - განაცხადა თენგო ბასილაშვილმა.

თენგო ბასილაშვილის თქმით, ნელი დოროყაშვილს პროვოკაციის მოწყობის რამდენიმე მცდელობა ადრეც ჰქონდა:

"ორ გამოკითხვაზე სხვა ჩვენება მისცა, მესამე კითხვაზე კიდევ რაღაცა დაამატა. ნელის ჰქონდა რამდენიმე მცდელობა პროვოკაციის მოწყობის, ფაქტია, რომ არ გამოსდის ნიკასთან მიმართებაში. ნიკა ძალიან მშვიდი ადამიანია. ერთი წლის წინ, როდესაც ღამის 3 საათზე ნიკას დაურეკა, უნდა მოვიდე ბავშვთან ერთად შენთან სახლშიო. ნიკამ უთხრა, რომ ღამის 3 საათია და მე თვითონ მოვალო, რის შემდეგაც ნიკამ დაურეკა პატრულს, რადგან ელოდებოდა მისგან პროვოკაციას და პატრულის თანხლებით მივიდა ნელის საცხოვრებელ ადგილზე. სიტუაცია დახვდა ისეთი, რომ ჭურჭელი იყო დამტვრეული, ნიკას პრიზები იყო დამტვრეული,"- განაცხადა თენგო ბასილაშვილმა.

დღის ამბები