29 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
7 მაღალი სასულიერო იერარქი მარნეულში - ეპისკოპოსებმა მეუფე გიორგის რეზიდენციაში დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათი გაატარეს

7 მაღალი სასულიერო იერარქი დღეს მარნეულში ერთდროულად ჩავიდა. "კურიერმა" ექსკლუზიურად გაარკვია, რომ სინოდის წევრები პარაკლისის ჩატარებამდე, ეპისკოპოს გიორგის რეზიდენციაში იმყოფებოდნენ, სადაც დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათი გაატარეს. მათ "კურიერის" კამერასთან არ დაუმალავთ, რომ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების მოთხოვნას იზიარებენ, თუმცა ეპისკოპოსებს იმის განმარტებაც მოუხდათ, რომ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მმართველს ძეგლის აღება ეთნიკური წარმომავლობის გამო არ სურს და ის ქართველ და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას არ ცდილობს.

მარნეულში ჩასულ სასულიერო პირებს დავით აღამაშენებლის სახელობის ტაძარის ეზოში მარნეულის მაჟორიტარი თამაზ ნავერიანი დახვდა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან მისალმების შემდეგ მან ტერიტორია ისე დატოვა, რომ არც სავედრებელ პარაკლისს დასწრებია და არც "კურიერთან" გაუკეთებია კომენტარი.

მსახურების ბოლომდე ტაძარში იმყოფებოდა, მარნეულის მერის მოადგილე. ნავერიანის მსგავსად ნარიმან ნარიმანოვის თემაზე არც ლაშა ლობჟანიძემ ისაუბრა.

მარნეულში, 7 გავლენიანი მღვდელმთავრის მთავარი მასპინძელი პოზიციებს არ ცვლის. ეპისკოპოსმა გიორგიმ მასთან ჩასულ სინოდის წევრებთან ერთად საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღავლინა, იქადაგა და ეპარქიაში სხვა ტაძრებიც მოილოცა. მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი დღესაც ამბობს, რომ აუცილებელია ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქმედება დაიწყოს და ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი აიღოს. მისივე თქმით, ის ამ დრომდე სუსში არ გამოუკითხავთ, თუმცა გამოძიების კითხვებს უკვე უპასუხა მრევლის ნაწილმა.

პარალელურად გრძელდება 30 მაისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში . რასობრივი დისკრიმინაციის თემაზე დღეს გამოძიების კითხვებს ადგილობრივმა აქტივისტმა, ასევე მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემაც უპასუხა.

დღის ამბები