29 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირების უცნობი წყაროები - უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მძლავრ ტალღას

8 ახალი ინფიცირებულთან 3 მედპერსონალია. ვირუსი ბოჭორიშვილის კლინიკის ექთანს და სანიტარს, ამავე კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტისგან გადაედო.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა პრემიერმა დღეს ეპიდვითარებაზე საუბრით დაიწყო. გიორგი გახარიას ინფორმაციით, 8 ახალი ინფიცირებულიდან 2 შემთხვევაში ვერ ხერხდება იმის დადგენა, საიდან გადაედო ვირუსი პაციენტს.

ეს არის ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველი შემთხვევა, როცა ოფიციალური უწყებები აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე ვერ მოხერხდა პირველწყაროს დადგენა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები საკითხს სწავლობენ.

ახალ ინფიცირებულებს შორის არიან პირები, რომელთა ინფიცირების წყაროც ბოლნისის და მარნეულის ეგრეთწოდებულ კლასტერებს უკავშირდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს მოქალაქეებს კიდევ ერთი გაფრთხილება მისცა.

ხომ არ შეცვლის შერბილებული რეგულაციები ეპიდვითარებას ქვეყანაში და გაიზრდება თუ არა სტატისტიკა, ექიმებს კონკრეტული პასუხი აქვთ, სპეციალისტები ამბობენ, რომ მთავარი ახლა მოსახლეობის სიფრთხილე და რეკომენდაციების დაცვაა.

კეთდება პროგნოზები ე.წ. მეორე ტალღასთან დაკავშირებითაც. მეცნიერების ნაწილი ვარაუდობს, რომ ეპიდემიის მეორე ტალღა, სავარაუდოდ, შემოდგომით დაიწყება. არ გამორიცხავენ, რომ კორონავირუსმა მსოფლიოს ახალი ძალით და უფრო მძლავრად დაარტყას.

მეცნიერებს მაგალითად მოჰყავთ 1918 წლის პანდემია. გრიპის ვირუსს მაშინ 3 ტალღა ჰქონდა. ისტორიული დოკუმენტების თანახმად, ვირუსმა გავრცელება ივნისში დაიწყო. 2 თვის შემდეგ, ვითარება დასტაბილურდა. შემდეგ, რაც რეგულაციები შერბილდა და მოსახლეობამ ერთმანეთთან კონტაქტი დაიწყო, მოხდა მეორე აფეთქება. ზუსტად ორთვიანი პაუზის შემდეგ, ოქტომბერსა და ნოემბერში დაიწყო მეორე და ორჯერ უფრო ძლიერი ტალღა. მკვეთრი ვარდნის და ისევ 2 თვიანი პაუზის შემდეგ მესამე ტალღა დაიწყო. მეცნიერები ამბობენ, რომ პირდაპირ პარალელის გავლება არასწორია, რადგან საქმე გვაქვს ვირუსების ოჯახის ორ სრულიად სხვადასხვა სახეობასთან, თუმცა, აქვე არსებობს მოსაზრებები, რომ კორონავირუსი გავრცელებით ძალიან ჰგავს ესპანურას, რომელმაც მსოფლიოში 50 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

დღის ამბები