29 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
რა როლი აქვს სპორტსმენ გიორგი კანდელაკის შვილს გორში მომხდარ დაპირისპირებაში - დაშავებული 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი კომაშია

სპორტსმენის, გიორგი კანდელაკის შვილი თარაშ კანდელაკი 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. 

3-საათიანი ჩხრეკა ყოფილი მოკრივის, გიორგი კანდელაკის საცხოვრებელ სახლში, გორში, გამთენიისას ახალგაზრდებს შორის მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას მოჰყვა.

სამართალდამცველები ყოფილი სპორტსმენითა და მისი ოჯახით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც გაირკვა, რომ ახალგაზრდებს შორის ჩხუბი კანდელაკის კუთვნილ რესტორანში დაიწყო, სადაც მისი შვილი თარაშ კანდელაკი ერთ-ერთი მონაწილე პირი იყო. სწორედ ამ გარჩევის დროს დაშავდა 18 წლის ბიჭი, რომელიც 19 საათია, კომაშია.

პოლიციის ყურადღების ქვეშ მოქცეული კანდელაკების ოჯახი მედიასთან მომხდარის შესახებ არ საუბრობს. გიორგი კანდელაკის დედა ამბობს მხოლოდ იმას, რომ სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად სახლიდან ვერაფერი ამოიღეს.

ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ღამის 2 საათზე, გორში - რესტორან "ჟოზეფში" დაიწყო, ჩხუბის მიზეზები ამ დრომდე უცნობია. "კურიერმა" გაარკვია, რომ მალევე ბიჭებმა რესტორანთან ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს. თვითმხილველების თქმით, დაახლოებით 20 - 25 პირი  სცემდა 18 წლის ბიჭს, რომელიც ახლოს მდებარე თხრილში ჩავარდა და სასწრაფომ ის უგონო მდგომარეობაში იპოვა.

სასტიკი გარჩევის მიზეზებზე ვერ საუბრობენ ვერც დაზარალებულის ოჯახის წევრები. მათ თარაშ კანდელაკის შესახებ არაფერი იციან.

18 წლის ახალგაზრდა ერთადერთია, რომელიც ამ დაპირისპირების დროს დაშავდა. ის უკვე 19 საათია მართვით სუნთქვაზეა და თბილისში, კლინიკა "ჯერარსში" წევს. კრიტიკულად მძიმედ აფასებს მის მდგომარეობას მკურნალი ექიმი.

გამოძიება არკვევს ვინ იყვნენ ის ახალგაზრდები, ვინც თარაშ კანდელაკთან ერთად ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ. რამდენიმე მათგანმა სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა.

დღის ამბები