29 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
ვისაც მეტი მხარდაჭერა აქვს ხალხისგან ის უნდა იყოს კანდიდატი, მორჩა და გათავდა - გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიცია საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე მოლაპარაკებებს განაგრძობს.

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეხვედრა ხვალ გაიმართება, იქამდე კი 8 საარჩევნო ოლქში დასასახელებლად საერთო კანდიდატებზე პარტიები შიდა მოლაპარაკებებს მართავენ.

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ხალხის აზრით მანიპულირებას არ დაუშვებს.

"ვისაც მეტი მხარდაჭერა აქვს ხალხის მხრიდან, ის უნდა იყოს კანდიდატი, მორჩა და გათავდა. კომპრომისების მომხრე ვარ, თუმცა არ დავუშვებ ხალხის აზრით მანიპულირებას. ეს ჩემთვის სულ წითელი ხაზი იყო,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ  ოპოზიციური პარტიების ნამუშევარს საზოგადოება 20 ივნისს იხილავს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ძალიან პროგრესული ნაბიჯი გადადგა და ხელი შეუწყო ოპოზიციური ძალების გაერთიანებას. 20 ივნისს ჩვენ ვნახავთ მიტინგზე ოპოზიციური პარტიების ნამუშევარს და მომავალი ხელისუფლების კონტურებს,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე იმედს იტოვებს, რომ ოპოზიციური პარტიები საერთო კანდიდატზე მალე შეჯერდებიან.

"მოლაპარაკებები გრძელდება და იმედი მაქ რომ ოპოზიციურ პარტიებს საერთო კანდიდატი გვეყოლება თბილისში. მგონია, რომ ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდება,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები სულ მცირე თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქთან დაკავშირებით გეგმის წარმოდგენას 20 ივნისისთვის გეგმავენ, მანამდე კი იმედოვნებენ, რომ ქვეყნის საარჩევნო მომავალი უფრო ნათელი გახდება.

დღის ამბები