29 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
ვინ სად იყრის კენჭს ოპოზიციიდან - მოახლოებული არჩევნები და გამოკვეთილი კანდიდატები

კონკრეტიკა არა, მაგრამ კონტურები მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით დღეს კიდევ უფრო გამოიკვეთა. დავით ბაქრაძე ამჯერადაც პარტიული სიის პირველი ნომერი იქნება და "ევროპული საქართველოს" სახელით შესაძლოა მაჟორიტარობისთვის დედაქალაქშიც იბრძოლოს. ამბობს, რომ კვოტების საკითხი პრინციპული არ არის და სადავოც არ იქნება, რადგან მთავარი ამოცანა ხელისუფლების დამარცხებაა.

ოპოზიცია საარჩევნო ბრძოლის ერთიან სტრატეგიაზე მუშაობას. კონკრეტული სახელები და გვარები უახლოეს დღეებში გაირკვევა, იქამდე მხოლოდ ვერსიები განიხილება.  

1. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - სამგორის ოლქი - ზაალ უდუმაშვილი, გლდანის ოლქი - ნიკანორ მელია. 

2. "ევროპული საქართველო"- ვაკის ოლქი - ელენე ხოშტარია, დავით ბაქრაძე - პარტიული სიის პირველი ნომერი რომელ ოლქში იყრის კენჭს, ჯერ უცნობია.

3. "ლეიბორისტული პარტია" - შალვა ნათელაშვილი - ისნის ოლქი

4. "სამოქალაქო მოძრაობა" - ალეკო ელისაშვილი - მაჟორიტარობის კანდიდატი ჯერ უცნობ ოლქში, სავარაუდოდ საბურთალოზე.

5. "ახალი საქართველო" - გიორგი ვაშაძე. თავად ამბობს, რომ მზად არის კენჭი ვაკის რაიონში იყაროს.

ზაალ უდუმაშვილმა დღეს "კურიერთან" საუბარში დაადასტურა, რომ თბილისის მაჟორიტარად მისი კანდიდატურაც განიხილება.

ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, ახლა მთავარი გამოწვევა ის არის, რომ 30 პარტია 6 ოლქზე ისე შეთანხმდეს, მრავალპარტიულობის პრინციპი არ დაირღვეს. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ შეთანხმებულ კანდიდატებს მათი მხარდაჭერა ექნებათ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ჯერ ფიქრობს. პარტიაში ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებენ, ეყოლებათ თუ არა საკუთარი წარმომდგენელი დედაქალაქში. 

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების განცხადებებში დღესაც ისმოდა გზავნილი, რომ მზად არიან "ლელოსთანაც" შეთანხმდნენ და 6 ოლქიდან 2-ში წარმომადგენელი ჰყავდეთ. "ლელოში" კი ამბობენ, რომ ყველა ოლქში ჯერ ისევ საკუთარი კანდიდატების წარდგენას გეგმავენ, თუმცა კონსულტაციების შემდეგ არ არის გამორიცხული, პოზიციები შეთანხმებული კანდიდატისკენ გადაიხაროს. პარტიიდან ვაკის რაიონში ბადრი ჯაფარიძე იბრძოლებს. ამომრჩევლების ხმების მოპოვებას შესაძლოა დედაქალაქში დავით უსუფაშვილიც შეეცადოს.

ეკა ბესელიამ, რომელიც ოპოზიციური მაგიდის კიდევ ერთ წევრია, დღეს ოპოზიციონერ პარტნიორებს შეახსენა, რომ მთავარი არა კვოტებზე შეთანხმება, არამედ იმ პოლიტიკური ფიგურების გარშემო გაერთიანებაა, რომლებსაც ამა თუ იმ ოლქში გამარჯვების მეტი შანსი აქვთ.

კონსოლიდაცია დედაქალაქში, კონკურენცია რეგიონებში - ეს ოპოზიციონერების თქმით, გამარჯვების მთავარი ფორმულაა. 

დღის ამბები