29 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
ტემპერატურის მატება პანდემიის შემცირებისთვის ეფექტური არ აღმოჩნდა - სპეციალისტების კვლევები

ტემპერატურის მატება პანდემიის შემცირებისთვის ეფექტური არ აღმოჩნდა. იყო მოლოდინი, რომ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, როგორც სხვა რესპირატორული ვირუსი, COVID-19-ის შემთხვევები კლებას დაიწყებდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სიცხე ვირუსზე გავლენას ვერ ახდენს. ბრაზილიაში ახალი შემთხვევების და სიკვდილიანობის სტატისტიკამ ამ კითხვას მკაფიო პასუხი გასცა.       

იმუნოლოგები ამბობენ, რომ ტენიანობას და ტემპერატურას ვირუსზე მინიმალური ზემოქმედების უნარი აქვს, თუმცა ეს იმდენად მცირეა, რომ ეპიდემიოლოგიურ სურათს ვერ ცვლის. ულტრაიისფერი სხივები ვირუსს ასუსტებს და თუ ზამთრის პერიოდში გარკვეულ ზედაპირზე 2 დღე რჩება, მაღალ ტემპერატურაზე რამდენიმე საათში ნადგურდება. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, კორონავირუსი 56 გრადუსზე ნადგურდება. საქართველოში ზაფხულის სეზონი ახლა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე დაბალია,  ეს არა სეზონური მაღალი ტემპერატურის, არამედ შესაბამისი სამსახურების მუშაობის და მოქალაქეების ქცევის შედეგია.   

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის მახასიათებლები უცნობია, ფაქტი ერთია - COVID-19 ვრცელდება ყველგან, ცხელა თუ ცივა, ზამთარია თუ ზაფხული. გაეროს ექსპერტის თქმით, ვირუსი თავს კარგად გრძნობს დაბალ ტემპერატურაზე, დახურულ სივრცეში, კონდიცირების დროს, იმუნური სისტემის დაქვეითების შემთხევაში. 

სპეციალისტები ამბობენ, რომ დაწესებული შეზღუდვებით ცხოვრება საზოგადოებას 2021 წლის გაზაფხულამდე მოუწევს. მანამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღას აანონსებს. ორგანიზაციის განცხადებით, ახლა არა ზეიმის, არამედ უფრო ძლიერი დარტყმისთვის მზადების დროა. 

 

დღის ამბები