29 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
ვის აგინებს ქარელის მერი - საკრებულოს ხმაურიანი სხდომის აუდიოჩანაწერი

ქარელის მერი გავრცელებული ფარული ჩანაწერის გამო სკანდალში გაეხვა. ქარელის მცხოვრებლები მიწის გასხვისების ბათილად ცნობას ითხოვენ, გინების გამო კი მერს სასამართლოში უჩივიან.

საუბარია 11 000 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე. "კურიერის" კითხვებს ადგილობრივი თვითმმართველობა უპასუხოდ ტოვებს.

ხმაურიანი სხდომის ხმაურიანი სიტყვები შეურაცხყოფილი რუისელებისთვის მეტი არაფერია, თუ არა სამართალდარღვევა. სწორედ ამ მიზეზით "ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატმა" შსს-ს უკვე მიმართა.

იურისტი აქცენტს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლზე აკეთებს, რომელიც წვრილმან ხულიგნობას ეხება და 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ან 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს.

დაპირისპირების მიზეზი 5 წლის წინ დაწყებული ამბავია. თავდაპირველად, სოფელ რუისში ორად გაყოფილი ტერიტორიის ერთი ნაწილის შენარჩუნება მოსახლეობამ მოახერხა.

ადგილობრივებს სპორტული კომპლექსის აშენების მოლოდინიც ჰქონდა, თუმცა მიწის მეორე ნაწილის გარეშე,  რომლის მიმართაც ინტერესი გაჩნდა, სპორტული კომპლექსის ვერ მოხერხდება. დაინტერესებულ კომპანიას კი ელექტრომობილების ბიზნესის წამოწყება სურს.

რამდენიმე დღის წინ ტერიტორია სახელმწიფო მფლობელობაში გადავიდა. ინიციატივა ქარელის მერს ეკუთვნოდა, მხარდამჭერი 26 ხმა კი საკრებულოს უმრავლესობას. გადაწყვეტილებას ოპოზიციისა და ადგილობრივების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. რაიონულ სასამართლოში უკვე შევიდა სარჩელიც იმ მოთხოვნით, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება მიწის სახელმწიფო მფლობელობაში გადაცემის თაობაზე ბათილად იქნას ცნობილი.

პროტესტის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, საქართველოს ფოსტის ადგილობრივი განყოფილების უფროსი, უფრო სწორად, ახლა უკვე ყოფილი უფროსია. ის სამსახურიდან დაითხოვეს, რასაც თავად სამოქალაქო აქტიურობას უკავშირებს და აცხადებს, რომ ქარელის მერის სატელეფონო ზარის გარეშე ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ. საქართველოს ფოსტამ დღეს "კურიერთან" განმარტება წერილობით გააკეთა.

თავად ქარელის მერი და საკრებულოს უმრავლესობა მთელი დღეა "კურიერის" გადამღებ ჯგუფს კომენტარზე უარს ეუბნება. შესაბამისად, ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით მეორე მხარის პოზიცია ჩვენთვის უცნობი რჩება. 

ადგილობრივი ოპოზიცია და ის ადამიანები, რომელთაც ქარელის მერმა სხდომაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ზაზა გულიაშვილის წინააღდეგ, ასევე სადავო მიწებისთვის ბრძოლას, სამართლებრივი გზებით გეგმავენ.

დღის ამბები