29 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
რასობრივი დისკრიმინაციის საქმე - სუსში გამოძიების ფარგლებში 10-ზე მეტი პირია გამოკითხული

რასობრივი დისკრიმინაციის საქმეზე სუსში გამოძიება გრძელდება. "კურიერის" ინფორმაციით, ამირან გიორგაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს გამოიკითხა, თუმცა ამ ფაქტს სუსში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. გამოკითხვას კატეგორიულად უარყოფს თავად მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე და ამტკიცებს, რომ უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, სადაც უფლებადამცველებმა დღის 2 საათისთვის შენიშნეს, არ იმყოფებოდა.

დღეს გამომძიებლების კითხვებს არასამთავრობო ორგანიზაციისა და გაზეთ "გეირიათის" თავმჯდომარე 2 საათის განმავლობაში პასუხობდა. ეთნიკურად აზერბაიჯანელმა სამოქალაქო აქტივისტმა ხელი გაუთქმელობის ხელშეკრულებას მოაწერა. "კურიერის" ინფორმაციით, ზუმრუდ ყურბანოვმა, სავარაუდოდ საგამოძიებო უწყებას პირადი მიმოწერები მიაწოდა.

საგამოძიებო უწყების კითხვებს დღეს "ბერჩალი ირილოს" თავმჯდომარემაც უპასუხა, რომელიც ერთ-ერთია იმ ეთნიკურ აზერბაიჯანელს შორის, რომელმაც ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის მოთხოვნით მარნეულის მერიას მიმართა და განცხადებას ხელი მოაწერა. მას დეტალებზე მედიასთან არ უსაუბრია, მისი ინტერესების დამცველი კი არ გამორიცხავს, რომ სუსში დაწყებული გამოძიების გამო მარნეულელი აქტივისტების გაჩუმება სურდეთ.

მაგისტრი მოსამართლის თანხლებით საქალაქო სასამართლოში "ახალი საქართველოს" მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარეც გამოიკითხა. ფუად გახრამოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შაბათს დაიბარეს, თუმცა მან საგამოძიებო უწყებას უნდობლობა გამოუცხადა. პოლიტიკოსისთვის გაუგებარია გამოკითხვაზე დაბარების მოტივიც.

პროცესს აკვირდება და სწავლობს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი". EMC-ში ამბობენ, რომ გამოკითხვის დროს გამომძიებლების მხრიდან მოწმეებზე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა შეინიშნება, რაც თამთა მიქელაძის განცხადებით, დემოკრატიზაციის პროცესსა და რეგიონში საზოგადოებრივ აქტიურობას ხელს შეუშლის.

30 მაისს რასობრივი დისკრიმინაციის თემაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში 10-ზე მეტი პირია გამოკითხული, მათ შორის მარნეულის მერი ზაურ დარგალი და მისი მოადგილე. გამომძიებლების კითხვებს უპასუხა უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემაც, რომელიც ნარიმან ნარიმანოვისა და ეთნიკური აზერბაიჯანელების მისამართით განცხადებებს ტელეეთერებსა და სოციალურ ქსელში ხშირად აკეთებს. 

 

დღის ამბები