29 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
20 ლარიანი ჯარიმა პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის - ჯარიმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლზეც გავრცელდება 

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. წესების დარღვევა პირის 50-ის ნაცვლად 20 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. იურიდიულ პირს ფულადი სანქცია 500 ლარის ოდენობით დაეკისრება.

ახალი რეგულაციების შესრულების ვალდებულება ექნებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეებსაც. ჯარიმა მგზავრთან ერთად მძღოლსაც დაეკისრება.

პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის მომზადებული კანონპროექტი იურიდიულმა კომიტეტმა დღეს დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა. ახალი რეგულაციებით შესაძლოა დაიშვას გამონაკლისებიც - პირთა წრე, ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამცავ საშუალებას ვერ ატარებს, შესაბამისი უწყების მხრიდან შემუშავებული რეკომენდაციებით იმოქმედებს.

ფულადი სანქციების შემცირებას მიესალმებიან საპარლამენტო ოპოზიციისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილში, თუმცა, მათივე თქმით, რა რაოდენობის ჯარიმაც არ უნდა დააწესონ, მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის ის მაინც ტვირთი იქნება. ამიტომ, ხელისუფლების ოპონენტები მოქალაქეების ნაწილის პირბადეებით უზრუნველყოფას ითხოვენ.

ჯარიმების პროპორციულობაზე საუბრობენ "ევროპული საქართველოსა" და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილში. მათი განცხადებით, უსაფრთხოების დაცვას მეტი კონტროლი სჭირდება და ის მოქალაქეების ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე ვერ იქნება დამოკიდებული.

ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ უსაფრთხოების ნორმების დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობენ კანონპროექტის ინიციატორები და ავტორები. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი მიზანი პირველ რიგში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაა, თუმცა, მეორეს მხრივ, შეეცადნენ ჯარიმები მოქალაქეებისთვის ზედმეტი ფინანსური ტვირთი არ ყოფილიყო.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს. ცვლილებების პროექტს ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღებენ. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არ გამორიცხავენ, რომ ის ძალაში კვირის ბოლოდან შევიდეს.

დღის ამბები