29 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
"ეჭვი მაქვს, გამოძიება წინასაარჩევნო პროცესებს უკავშირდება" - რასობრივი დისკრიმინაციის საქმე გამოკითხვებით გრძელდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთ კვირაზე მეტია ცდილობს გაარკვიოს, ვინ აღვივებს შუღლს კახეთსა და ქვემო ქართლში. გამოძიება რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოკითხვებით გრძელდება. მოწმის სტატუსით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები დაიბარეს. კითხვებს ამჯერად პარტია "ახალი საქართველოს" წევრი პასუხობს.

ფუად გახრამანოვი საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ამ წუთებში იკითხება. მან სასამართლოში შესვლამდე განაცხადა, რომ გაუგებარია რასთან დაკავშირებით იბარებენ საგამოძიებო უწყებაში. "ახალი საქართველოს" მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ეჭვი აქვს, რომ გამოძიება წინასაარჩევნო პროცესებს უკავშირდება და მას უნდობლობას უცხადებს.

"ჩემთვის გაუგებარია, რატომ დამიბარეს საგამოძიებო უწყებაში. მე არც რესტავრაციის პროცესში ვიყავი ჩართული და არც შემდგომ პროცესში. ეჭვი მაქვს, რომ გამოძიება წინასაარჩევნო პროცესებს უკავშირდება. საეჭვოდ გვიბარებენ პოლიტიკოსებს და აქტივისტებს, უნდობლობას ვუცხადებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სწორედ ამიტომ მოვითხოვე გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანხლებით," - ამბობს ფუად გახრამანოვი.  

გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს მუჰაბატ იმანოვის ადვოკატსაც. იმანოვი სუს-ის შენობაში გამოკითხვაზე დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ადვოკატი ალი ბადიროვი არ გამორიცხავს, რომ საგამოძიებო უწყებაში აქტივისტების დაბარება წინასაარჩევნო პროცესებს უკავშირდებოდეს. 

"არც გამოვრიცხავ, არც უარვყოფ, მაგრამ ზოგადად ისეთი ადამიანებიც არიან აქ გამოკითხული, მათ შორის მუჰაბატ ​იმანოვი, რომელიც პოლიტიკურად აქტიური არ არის, ეშინია, ამის პირადი მოწმეც ვარ. პოლიტიკურად აქტივობის მას ეშინია. ვფიქრობ, რომ მოხუბადს თუ აქვს სურვილი, წელს იყოს აქტიური პოლიტიკურ არჩევნებში, მას შეუძლია და ამაში მას ვერავინ ვერ შეზღუდავს," - განაცხადა ადვოკატმა ალი ბადიროვმა.

დღის ამბები