29 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
ოპოზიციის წევრები მაჟორიტარობისთვის ბრძოლას განაგრძობენ, ჯერჯერობით უცნობია, ვინ სად იყრის კენჭს

პრემიერობის დაწუნებული კანდიდატობიდან მაჟორიტარობის კანდიდატობამდე - გიორგი ვაშაძეს, ოპოზიციური ერთობის სახელით, ვაკის რაიონში სურს ბრძოლა და ამბობს, რომ მარტო არ არის.

"ახალი საქართველოს" ლიდერის თქმით, მის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსი მიღწეულია, თუმცა პოზიციების შეჯერება კიდევ საჭიროა.

გიორგი ვაშაძე ერთადერთი არ არის, ვის კანდიდატურასაც გაერთიანებული ოპოზიცია ვაკეში განიხილავს. ოპოზიციას შესაძლოა არჩევანის გაკეთება ამ ოლქში გიორგი ვაშაძესა და ელენე ხოშტარიას შორის მოუწიოს. ვისი პარტნიორები იქნებიან და ვისი კონკურენტები ევროპულ საქართველოში დღეს
ამ თემაზე აღარ უსაუბრიათ, ისინი შიდაპარტიული კონსულტაციების დასრულებას ელოდებიან.

2020 წლის არჩევნებზე, თბილისში ნაციონალური მოძრაობის ბრძოლის სტრატეგია უკვე ცნობილია, პარტიამ გლდანსა და სამგორში წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ დარჩენილ 6 ოლქში შეთანხმებულ კანდიდატებს მხარს დაუჭერენ. ორ ოლქში კი საკუთარ რჩეულებს ამომრჩეველს სიმბოლურად 20 ივნისს წარუდგენენ.

გიორგი ვაშაძე რომ ვაკეში ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება, ამას არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც ადასტურებენ. ნინო ბურჯანაძის პარტიაში ამბობენ, რომ მხარს დაუჭერენ იმ კანდიდატს, რომელსაც გამარჯვების მეტი შანსი ექნება. პარტიას, შესაძლოა, დედაქალაქში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავდეს.

კონკრეტული სახელები და გვარები უახლოეს დღეებში გაირკვევა, იქამდე მხოლოდ ვერსიები განიხილება, არ არის გამორიცხული, დუშეთის ნაცვლად "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მაჟორიტარობისთვის თბილისში იბრძოლოს.

პოლიტიკური გაერთიანება ლელოს პოზიცია კი უცვლელია - ყველა ოლქში საკუთარი კანდიდატი ეყოლება, თუმცა კონსულტაციების შემდეგ, არ არის გამორიცხული, პოზიციები შეთანხმებული კანდიდატისკენ გადაიხაროს.

პარტიიდან ვაკის რაიონში მაჟორიტარობისთვის, შესაძლოა, იბრძოლოს ბადრი ჯაფარიძემ. ამომრჩევლების ხმების მოპოვებას, სავარაუდოდ, დედაქალაქში შეეცდება დავით უსუფაშვილიც.

თბილისის ოპოზიციური რვიანის ბედი "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში უნდა გადაწყდეს, როცა პოზიციების დასაახლოებლად პოლიტიკოსები მაგიდის გარშემო შეიკრიბებიან. შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება. დროც და ადგილიც ცოტაა, მსურველი კი ბევრი.

დღის ამბები