29 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
სუსში მიმდინარე რასობრივი დისკრიმინაციის თემაზე გამოძიების საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის საქმეზე გამოძიება 9 დღის წინ დაიწყო. "კურიერმა" გაარკვია, რომ გამოკითხვის დროს კითხვების უმრავლესობა ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის თემატიკას შეეხებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ძეგლის აღების მთავარი ინიციატორი მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი იყო, მეუფე გიორგისთვის გაუგებარია, საგამოძიებო უწყებაში რატომ უნდა დაიბარონ.

ხვალ, მოწმის სტატუსით მესამე სექტორის წარმომადგენლები გამოიკითხებიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დილიდან მივა მარნეულელი აქტივისტი ზურმუდ კურდანოვი და მახამათ ომანოვი.

"გეირიათის" თავმჯდომარე ამბობს, რომ სუსს ყველა იმ ინფორმაციას მიწვდის, რომელიც საქართველოში ქართველებსა და ეთნიკური აზერბაიჯანელებს შორის ურთიერთობას უკავშირდება.

მისი თქმით, აუცილებელია, საგამოძიებო უწყებამ ადგილობრივების პრობლემები მოისმინოს და რეაგირება მოახდინოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ 4 საათის განმავლობაში მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი იკითხებოდა. გაუთქმელობის ხელწერილის დადების მიუხედავად, გამოსვლისას ასადოვმა დაადასტურა, რომ უწყება ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის თემაზე აქტიურად მუშაობს.

შეიხისთვის გაუგებარია, რატომ არ კითხავენ ულტრაკონსერვატიულ ჯგუფებსა და იმ პირებს, რომლებიც ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ სიძულვილის ენით გამოირჩევიან.

ამ დრომდე უცნობია, როდის გამოიკითხება მაგისტრი მოსამართლის თანხლებით "ახალი საქართველოს" მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელიც გუშინ სუსში მოწმის სტატუსით იმყოფებოდა და გამოკითხვაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია გამოძიების კითხვებს ეპისკოპოსმა გიორგიმ დროულად უპასუხოს.

გასულ კვირას გამოძიების კითხვებს უპასუხეს მარნეულის მერმა და მისმა მოადგილემ, რომელიც კამერებთან უკვე რამდენიმე კვირაა, არ ჩნდებიან. ასევე, გამოიკითხნენ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები, აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები.

ყველა მათგანმა ხელი გაუთქმელობის ხელშეკრულებას მოაწერა, ამიტომ არცერთი მათგანი გამოკითხვის დეტალებზე არ საუბრობს. რასისტული დისკრიმინაციის საქმის მოწმეები ამბობენ, რომ გამოძიების მხრიდან მეუფისა და მისი გარემოცვის გამოკითხვის მეტი ინტერესი უნდა იგრძნობოდეს.

ქართველებსა და ეთნიკური აზერბაიჯანელებს შორის არსებული ურთიერთობის დეტალები კარგად იცის ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა. "იემსის" პოლიტიკის პროგრამების დირექტორი ამბობს, რომ სუსმა, მეტი ნდობის მოსაპოვებლად, ეპისკოპოს გიორგის გარდა ულტრაკონსერვატიული ჯგუფებიც უნდა გამოიკითხოს, რომლებიც ხშირად გამოირჩევიან ეთნიკური აზერბაიჯანელების დისკრიმინაციით.

თამთა მიქელაძის განცხადებით, საგამოძიებო უწყებამ იმ პირებიც ვინაობა უნდა გაასაჯაროოს,, რომლებიც გამოიკითხნენ, ან მომავალში გამოიკითხებიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის 1421 მუხლით, რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე 30 მაისს დაიწყო. "კურიერის" ინფორმაციით, გამოძიების დაწყების მოტივი ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, კარანტინისა და დავით გარეჯში გასულ წელიწადს არსებული ვითარების დროს, ეთნიკური აზერბაიჯანელების მისამართით სოციალური ქსელში გაკეთებული მწვავე განცხადებები აღმოჩნდა.

დღის ამბები