29 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
ტურიზმი COVID-19-ის პირობებში - პირველი ივლისიდან საქართველო ტურისტებს მწვანე ზონის ქვეყნებიდან ელის

ეპიდსიტუაციისთვის ყველაზე სახიფათო საერთაშორისო ტურიზმის გახსნაა. ამ დროს იმპორტირებული შემთხვევების მატების რისკი მაღალია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს არის გამოცდა ყველა ქვეყნისთვის და მათ შორის საქართველოსთვის, რომელმაც ვირუსის პირველი ტალღა უმტკივნეულოდ გადალახა. ჯერ დასრულებული არ არის იმ რეკომენდაციებზე მუშაობა თუ როგორ უნდა შემოწმდეს საქართველოში შემოსული ტურისტი. უკვე გარკვეულია, რომ მოგზაურები მხოლოდ იმ ქვეყნებიდან შემოვლენ, სადაც კორონავირუსის დაბალი მაჩვენებლებია.

ვირუსის შიდა გავრცელება მინიმალურია, დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დაბალია შიდა გავრცელების მაჩვენებლები და სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეპიდსიტუაციას შენარჩუნება სჭირდება.

მიუხედავად ამ რისკებისა, სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ საზღვრების სიფრთხილის დაცვით უნდა გაიხსნას და ტურიზმის სექტორი ამ გამოწვევას მზად უნდა დახვდეს.

დამატებით დაცვით მექანიზმებზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც საზღვრებზე ამოქმედდება იმისთვის, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ვირუსის შემოტანა ქვეყანაში. თუმცა უკვე შემოსულ მოგზაურს განემარტება საქართველოში დაწესებული ყველა რეკომენდაცია. ტურისტულ ადგილებში გამოყენებული იქნება და იმუშავებს ყველა ის მექანიზმი, რომელიც კორონავირუსისგან თავის დასაცავად არის დაწესებული. შრომის ინსპექციის სამსახური შეამოწმებს ტურისტულ ადგილებს, რომლებიც იქნება მთავარი მასპინძელი საერთაშორისო მოგზაურების. ტურისტულ ადგილებში მოეწყობა ამბულატორიები და სიმპტომების გამოვლენის შემთხევაში ადგილზევე გაუწევენ სათანადო მკურნალობას.

საერთაშორისო მოგზაურებს ქვეყანა 1 ივლისიდან ელოდება, შიდა ტურიზმი კი 15 ივნისს ამოქმედდება. სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ შიდა ტურიზმის ამოქმედების შემდეგაც ისეთივე სტაბილური მდგომარეობა იქნება, როგორიც ახლაა ქვეყანაში.

დღის ამბები