29 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
დავით ბერძენიშვილის ფორმულა - ოპოზიცია მაჟორიტარების გადანაწილების სქემაზე მსჯელობს

დავით ბერძენიშვილი ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების ფორმულას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქში 2-2 კანდიდატი "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ" და "ლელომ", თითო-თითო კი "ლეიბორისტებმა" და ალეკო ელისაშვილის "სამოქალაქო მოძრაობამ" უნდა დააყენონ. ამავე ფორმულის მიხედვით, რეგიონებში ღია კონკურენცია იმოქმედებს, სადაც იდეის ავტორი მეორე ტურების დიდ ალბათობას ელის და სწორედ მაშინ ხედავს ოპოზიციის კვლავ გაერთიანების საჭიროებას. 

მას შემდეგ, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" 6 ოლქი დათმო და პრეტენზია მხოლოდ გლდანსა და სამგორზე დააფიქსირა, ოპოზიციის საქმე გამარტივდა. ახლა მოლაპარაკებები არა 8, არამედ 6 ოლქზე წავა. "ნაციონალურ მოძრაობაში" ფიქრობენ, რომ მათგან ამ ნაბიჯმა ოპოზიციას უნიკალური შესაძლებლობები გაუჩინა, რაც შეეხება "ევროპელებს" ცნობილია, რომ გიგა ბოკერია მაჟორიტარად კენჭს თბილისში იყრის, პარტია კოლეგებთან სწრაფ მოლაპარაკებებს აანონსებს.

"ლელო", რომელიც თავიდანვე დამოუკიდებელი თამაშის წესებს ამკვიდრებდა, არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციას რომელიმე ოლქზე შეუთანხმდეს, თუ ეს ფორმულა იმ მოცემულობაში უფრო ეფექტურად ჩაითვლება. პირველი "ლეიბორისტი" კი ახალ ფორმულას საინტერესოდ მიიჩნევს, თუმცა დასკვნებისთვის სხვებთან საუბარი სჭირდება.

კიდევ ერთი, ვინც ოპოზიციურ რვიანში ფიგურირებს ალეკო ელისაშვილია

ოპოზიციის მთავარი ამოცანა "ქართული ოცნების" დამარცხებაა, თავად "ოცნება" კი ოპოზიციაში წარმოებულ დისკუსიებს სკეპტიკურად უყურებს და მათგან საინტერესო სცენარის მოლოდინშია. მმართველი გუნდი საკუთარი საარჩევნო გეგმების დასახელებას არ ჩქარობს.

ვიდრე პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი არ დაუბრუნდება და კენჭისყრის შედეგები არ გახდება ცნობილი, ჭირს დაზუსტებით იმის თქმა, რომ 2020-ში ნამდვილად 30 მაჟორიტარული ოლქი და 120 პროპორციული კომპონენტი იქნება. საერთო-სახალხო განხილვები მომდევნო კვირას დასრულდება.

დღის ამბები