29 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
სუსში გამოკითხვაზე დაბარება, წინასაარჩევნო პერიოდში დაშინება და ზეწოლაა - "ახალი საქართველოს" მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე

რასობრივი დისკრიმინაციის საკითხზე სუსი მოქალაქეთა გამოკითხვებს განაგრძობს. ამჯერად უწყებაში "ახალი საქართველოს" მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე დაიბარეს.

"რადგან პარტია "ახალი საქართველოს" წარმომადგენელი ვარ მარნეულის მუნიციპალიტეტში და ვარ პოლიტიკოსი - წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ქმედება დაშინება და ზეწოლაა. გუშინ დამირეკეს და მითხრეს, ხვალ მოდი გამოკითხვაზე ნარინამ ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებითო, მე კი ამ თემაზე რადიკალური განცხადებები არ გამიკეთებია,"- აღნიშნავს "ახალი საქართველოს" მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე ფუად გახრამანოვი.

მანამდე უწყებაში სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი სეიდ მირთაგი ოთხი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

როგორც ირკვევა, გამოძიების კითხვები ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის ირგვლივ არსებულ დისკუსიას და ამ თემაზე საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდებოდა.

როგორც გამოკითხვის შემდეგ სასულიერო პირმა განაცხადა, დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ხელი გაუთქმელობაზე მოაწერა.

"კითხვები ძირითადად რეგიონთან დაკავშირებით იყო, ხელი გაუთქმელობაზე მაქვს მოწერილი და გამოძიების დასრულებამდე ვერაფერს ვიტყვი. თუმცა ვიტყვი იმას, რომ კითხვები ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებითაც იყო. კარანტინის დროს, როდესაც მარნეული წითელი ზონა გახდა, ჩვენ მოსახლეობას როგორც მატერიალურად, ისე საინფორმაციო კუთხით ვეხმარებოდით. ჩვენ თანასწორუფლებიანობას ვითხოვდით. ჩემი სამოქალაქო აქტივიზმი სწორედ ამ თემებს უკავშირდება. იმ პერიოდში, როდესაც აზერბაიჯანული თემის მიმართ სიძულვილის ენა იყო გამოხატული, ჩვენ ამ ყველაფერს მედიასაშუალებებით ვგმობდით. ჩემი მოწოდებები მიმართული იყო იმ ადამიანების მიმართ, ვინც შუღლის ჩამოგდებას ცდილობს საქართველოს მოსახლეობას შორის,"- განაცხადა სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხმა მირთაგ ასადოვმა

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას. 

დღის ამბები