29 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
როგორ უნდა გადანაწილდნენ თბილისის 8 ოლქში ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატები - პოლიტიკოსები დავით ბერძენიშვილის ფორმულაზე  

როგორ უნდა გადანაწილდნენ თბილისის 8 ოლქში ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატები - დავით ბერძენიშვილის ფორმულას "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" შემდეგ, ის პოლიტიკური ძალებიც აფასებენ, რომლებსაც ამ გეგმის მიხედვით დედაქალაქში კანდიდატები აუცილებლად უნდა ჰყავდეთ.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, იდეა საინტერესოა, თუმცა საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციამ უნდა იმსჯელოს და კონკრეტული პოზიციის დაფიქსირება ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

"წინასაარჩევნო ვნებათაღელვაა, ამ პერიოდში მუზების მოზღვავებაც ხდება და რა თქმა უნდა, მუშავდება უამრავი ვარიანტი, თავშიც და საჯარო ურთიერთობებშიც უკეთეს მოდელირებაზე, რაც უკავშირდება იგივე მაჟორიტარულ სისტემას და ლიდერთა უფრო მიზნობრივ გადანაწილებას. ამდენად, ეს იდეა საინტერესოა, მაგრამ მისი განხილვის და კოლექტიური გადაწყვეტილების გარეშე წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

პოლიტიკურ მოძრაობაში "ლელო საქართველოსთვის" ამბობენ, რომ 30-ვე საარჩევნო ოლქში 30 მაჟორიტარი კანდიდატი ეყოლებათ, თუმცა ბადრი ჯაფარიძის თქმით, უკეთესი ფორმულის შემთხვევაში "ლელო" თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

"ჩვენ გვეყოლება 30 მაჟორიტარი კანდიდატი 30 საარჩევნო ოლქში, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ამა თუ იმ ოლქში თუკი ჩვენ დავინახავთ, რომ არსებობს უკეთესი ფორმულა, იგულისხმება შეთანხმება სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის, გარანტირებულად უზრუნველყოს "ქართული ოცნების" კანდიდატის დამარცხება პირველივე ტურში, "ლელო" ითანამშრომლებს და იქნება ღია ასეთი პარტნიორობისთვის," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დავით ბერძენიშვილის მიერ დასახელებული მაჟორიტარების წარდგენის ფორმულა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემაც შეაფასა.

"მე ვფიქრობ, რომ გასაჯაროება ასეთი ინიციატივების, ვიდრე ჯერ საბოლოო შეთანხმება არ მომხდარა, ცოტა უცნაურია, იმიტომ, რომ ჩვენი ადგილი საერთოდ ვერ დავინახეთ ამ განაწილებაში. ამიტომ, ჯობია ჯერ დამთავრდეს წინასწარი კონსულტაციები, ამ კონსულტაციებზე გავიაროთ ერთმანეთთან ის წინადადებები, რაც გვაქვს და შემდეგ გავასაჯაროოთ. ეს უფრო ლოგიკური და სწორი იქნება,“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე. 

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ მთავარი მეორე ტურში ურთიერთმხარდაჭერაა. მისი ხედვით, თბილისის 8 ოლქში ადგილები ასე უნდა გადანაწილდეს - ორ-ორი ადგილი ერთიან ნაციონალური მოძრაობას, ევროპულ საქართველოს და ლელოს უნდა ერგოს, თითო-თითო კი ლეიბორისტებს და ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობას. 

დღის ამბები