29 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
სამოქალაქო აქტივისტი კახა კალაძის პასუხისგებას ითხოვს - საუბარია ვარკეთილში ახალი სკვერის გახსნისას მომხდარ ინციდენტზე

გუშინ, ვარკეთილში ახლადრეაბილიტირებული სკვერის გახსნისას მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთმა მოქალაქემ, გამოძიების მოთხოვნით პოლიციას მიმართა. მოქალაქე თბილისის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის თბილისის მერის კახა კალაძის პასუხისგებას ითხოვს. მან საგამოძიებო უწყებას უკვე მიმართა.

ორგანიზაცია "შეცვალეს" წევრის დიმიტრი ბიძინაშვილის თქმით, მერის გაღიზიანება გუშინ დიღმის ჭალებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას მოჰყვა. 

"მერის გაღიზიანების მთავარი მოტივი იყო კითხვა დიღმის ჭალებთან დაკავშირებით. მე მას უბრალოდ ვკითხე, რატომ დამარხა დიღმის ჭალებში ტყე და ამ კითხვის დასრულებისთანავე იგი აფეთქდა, არაადეკვატური გახდა და თავს ვეღარ აკონტროლებდა. კახი კალაძემ ჯერ ჩემკენ გამოიწია, ხელი მკრა, შემდგომ მეორე სამოქალაქო აქტივისტს მიუბრუნდა, მაიკაში ჩაავლო ხელი და შემოახია," - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "შეცვალეს" წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი.

გამოძიების დაწყების მოთხოვნით შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვას აპირებს ლაშა ჩხარტიშვილიც. "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილეა, რომელიც ამბობს, რომ კახა კალაძემ პასუხი უნდა აგოს როგორც ფიზიკური ძალადობისთვის, ასევე მშვიდობიანი აქციის ხელშეშლისთვის.

"ჩვენ მივმართავთ სამართლებრივი რეაგირებისთვის. გასაგებია, რომ ამ ხელისუფლების რეალობაში არ გვაქვს იმედი სათანადო რეაგირებისა, მაგრამ ეს აუცილებელია, რათა ადრე თუ გვიან მან და ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი, როგორც გარემოს წინააღმდეგ, ასევე ადამიანების წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობის გამოყენებით ჩადენილი დანაშაულისთვის. მუხლობრივად საკმაოდ დიდი ჩამონათვალი იქნება კონკრეტული დანაშაულობების, რომელიც მთლიანობაში მრავალწლიან პატიმრობას მოიცავს. აქ იყო ფიზიკური ძალადობა, მშვიდობიანი აქციის ხელშეშლა და კიდევ რამდენიმე სისხლის სამართლის კოდექსის მუხლის დარღვევა,“ - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

შეგახსენებთ, დაპირისპირება ვარკეთილში გუშინ მოხდა. სამოქალაქო აქტივისტები ვარკეთილში სკვერის გახსნისას დედაქალაქის მერს შეძახილებით და საყვირებით "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ.

ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, მას კახა კალაძემ მაისური შემოახია. 

 

 

 

დღის ამბები