29 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
ხაზარაძის პოლიტიკური გუნდი შესაძლოა "ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა შეავსონ - ვინ ადასტურებს "ლელოსთან" თანამშრომლობას

პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური ფიგურები ერთმანეთის ძიებაში არიან. ამ პერიოდში ყველაზე ხშირად ის გვესმის, რომ მიდის მოლაპარაკებები და განიხილება ვარიანტები, თუმცა თავად გადაწყვეტილებებზე საუბარს პოლიტიკოსები არ ჩქარობენ. ის, რომ კონსულტაციები დაწყებული აქვს და თან არაერთ მოქმედ პოლიტიკოსთან, არ უარყოფს "ლელო".

თამარ ჩუგოშვილი ერთ-ერთია, რომელმაც პარტიის დაინტერესება გამოიწვია. დეპუტატი ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ამბობს, რომ მაჟორიტარად საკუთარ თავს ვერ ხედავს, "ლელოზე" კი ფიქრობს.

"ლელოში" სხვებთან შეუთანხმებლად მათთვის საინტერესო სახელებისა და გვარების დასახელებისგან თავი შეიკავეს, თუმცა დიდი ალბათობით თამარ ჩუგოშვილთან ერთად მოლაპარაკებები იმათთანაც მიდის, ვინც "ქართულ ოცნებაში" ყოფნის დროს პარლამენტში საგარეო გუნდად განიხილებოდა.

თამარ ხულორდავა ადასტურებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას კოლეგები ერთმანეთთან კოორდინაციით მიიღებენ. ძირითადად თანამშრომლობის მთავარ კრიტერიუმად იდეოლოგიური თანხვედრა სახელდება, დიმიტრი ცქიტიშვილი პარტნიორებს მემარცხენე მიდგომებით შეარჩევს. "ლელო" პირადად მას არ დაკავშირებია.

"ქართული ოცნებიდან" არც თუ ისე დიდი ხნის წინ გასული დეპუტატები იმ პოლიტიკურ პლატფორმებს ეძებენ, რომლებიც ორპოლუსიანი პოლიტიკის არც ერთ მხარეს არ ფიგურირებდნენ და იმიჯიც და ისტორიაც ახალი აქვთ. ასეთებად ამ ეტაპზე, "ლელოს" გარდა, ალეკო ელისაშვილისა და ანა დოლიძის მოძრაობასაც განიხილავენ.

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატებიდან" ლევან კობერიძე ამ ეტაპზე ერთადერთია, ვინც გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას გეგმავს. ფრაქციის სხვა წევრებიდან დღეს "კურიერს" მხოლოდ მარიამ ჯაშმა უპასუხა და სიახლეები მალევე დააანონსა. დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა "კურიერის" ინფორმაცით, შესაძლოა, დამოუკიდებლების ფრაქციამ ცალკე პარტია შექმნას და ბექა ნაცვლიშვილიც შეიერთოს.

ამ ფრაქციის კიდევ ერთი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის შექმნას საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატებთან, ჯაბა ჯიშკარიანთან და ვატო შაქარაშვილთან გეგმავდა. პარტიის შექმნის თაობაზე იდეა ძალაშია, თუმცა უკვე დღეს ვატო შაქარაშვილი მასში გაერთიანებას აღარ აპირებს და საკრებულოში რჩება, მეგობარსა და კოლეგას კი წარმატებას უსურვებს.

პოლიტიკურ ფიგურებს სტრატეგიული პარტნიორების მოსაძებნად სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ, რადგან მალე წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შევა, სადაც ყველას საკუთარი თავის ახლიდან დამკვიდრება მოუწევს.

დღის ამბები