29 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
საქართველოს ცა საერთაშორისო ფრენებისთვის 1 ივლისიდან იხსნება - აეროპორტებში გარკვეული რეგულაციები იმოქმედებს

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის თამარ არჩვაძის ინფორმაციით, საქართველოს ცა 1 ივლისიდან იხსნება და აეროპორტებში გარკვეული რეგულაციები იმოქმედებს. აეროპორტების საერთაშორისო ფრენებისთვის გახსნა ეტაპობრივად მოხდება. ასევე, მიმდინარეობს აეროპორტების დასტიკერება და იმ სკანერების დამონტაჟება, რომლის მეშვეობითაც მგზავრებს დისტანციის დაცვის საშუალება მიეცემათ.

თამარ არჩვაძის განცხადებით, აუცილებელი იქნება მგზავრები აეროპორტში პირბადით გამოცხადდნენ, ხოლო თერმოსკრინინგის შედეგად ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში დამატებითი შემოწმების გავლა მოუწევთ.

"1 ივლისიდან საქართველოს ცა იხსნება საერთაშორისო ფრენებისთვის, ეს მოხდება ეტაპობრივად იმ ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც არის მსოფლიოში. აეროპორტები ამ ყველაფრისთვის ემზადება. ხდება აეროპორტების დასტიკერება, დამონტაჟება სკანერების, იმისათვის, რომ მგზავრებს შეეძლოთ სოციალური დისტანციის დაცვით მაქსიმალურად კომფორტულად იმ პროცესების გავლა, რისი გავლაც უწევთ აეროპორტში. მგზავრებისთვის აუცილებელი იქნება გამოცხადდნენ პირბადით, სიცხის შემთხვევაში მოუწევთ დამატებითი შემოწმების გავლა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ აღმოაჩნდებათ კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ისინი შეძლებენ ჩვეულებრივად გაემგზავრონ მათთვის სასურველ ქვეყანაში, რომელიც ასევე გაგვიხსნის ჩვენ საქართველოს საზღვრებს," - განაცხადა თამარ არჩვაძემ.

მან ასევე ისაუბრა ხელჩანთების ბორტზე ატანის საკითხზე და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნება ხელბარგის ბორტზე ატანა, თუმცა თვითმფრინავში ჩაჯდომის შეფერხების თავიდან ასარიდებლად მნიშვნელოვანია მგზავრებმა კომპაქტური ჩანთები იქონიონ.

"რეკომენდაცია იყო გაცემული იმისათვის, რომ მაქსიმალურად კომფორტულად და სწრაფად ყოფილიყო განხორციელებული ჩასხდომა, მაგრამ ამ ეტაპისთვის ის ლიმიტები და ის მოთხოვნები, რაც არის ხელბარგზე არ არის გაუქმებული, შესაბამისად ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნება ბორტზე ხელბარგით ასვლა ოღონდ რა თქმა უნდა მგზავრებს მოეთხოვებათ მაქსიმალურად კომპაქტური ჩანთა იქონიონ, რათა არ მოხდეს თვითმფრინავში ჩაჯდომის შეფერხება,"- განაცხადა თამარ არჩვაძემ.

კითხვაზე, აუცილებელია თუ არა მგზავრმა იქონიოს კოვიდის პასპორტი, პასუხობს, რომ მწვანე ქვეყნების კორიდორის პრინციპი ეფუძნება ამ ქვეყნებს შორის ფრენა იყოს შეფერხებისა და დამატებითი ცნობების გარეშე.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური მუშაობა საქართველოს მთავრობის ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით. ისინი პირდაპირ კონტაქტზე არიან იმ ქვეყნებთან, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით არიან აღიარებული, როგორც მწვანე ქვეყნები. მწვანე ქვეყნების კორიდორის პრინციპი ეფუძნება იმას, რომ ამ მწვანე ქვეყნებს შორის ფრენა იყოს შეფერხების გარეშე და დამატებითი ცნობების გარეშე. თუკი აღნიშნული იქნება მიღწეული, საქართველოში შემოსვლა და გასვლა იქნება შესაძლებელი აღნიშნული ცნობების გარეშე. თუმცა, აღნიშნული მაინც საჭიროებს დამატებით დასტურს და ამიტომ ველოდებით, რომ ეს ასე განხორციელდეს.

ის ქვეყნები, რომელიც არის ოფიციალურად მწვანე- ცდილობენ შეჯერდნენ იმ პროტოკოლზე, რომელიც მოგვცემს საშუალებას მაქსიმალურად, გავაცოცხლოთ ტურიზმი და ნაკლები შეფერხება იყოს მგზავრებისთვის," - განაცხადა თამარ არჩვაძემ.

დღის ამბები