29 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
მისასალმებელია, რომ პოსტკრიზისული გეგმა კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების ექსპერტებთან ერთად შემუშავდება - გია ჟორჟოლიანი

"სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარე დეპუტატი გია ჟორჟოლიანი კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების ექსპერტებთან ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით, გიორგი გახარიას მიერ ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

ჟორჟოლიანის თქმით, აღნიშნული ექსპერტები არიან განვითარების ეკონომიკის (დეველოპმენტალიზმის) სკოლის წარმომადგენლები, რომლებიც უპირისპირდებიან აქამდე გაბატონებულ ნეოლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას, რამაც საბოლოო კრახი ჯერ კიდევ 2008 წლის კრიზისის სახით განიცადა.

მისივე თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს საქართველოს მთავრობა პირველად ელაპარაკება არა ნეოლიბერალური ეკონომიკის პროპაგანდისტებს, არამედ განვითარების ეკონომიკის – დეველოპმენტალისტური სკოლის აღიარებულ ექსპერტებს.

"მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ამ მიმართულების ეკონომისტები გახდებიან პირველად პოსტსაბჭოთა საქართველოში ჩვენი მთავრობის მრჩეველები. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ პრემიერის ეს კონსულტაციები არ უკავშირდება მხოლოდ ეპიდემიურ მდგომარეობას და ამ ძალიან მაღალი რანგის ექსპერტებთან ერთად თანამშრომლობით შემუშავდება პოსტკრიზისული გეგმა," - აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

პრემიერ-მინისტრმა პანდემიის პოსტკრიზისულ გეგმაზე საერთაშორისო ექსპერტებთან​ ისაუბრა. კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების წამყვან სპეციალისტებთან საუბარი შეეხო იმას, თუ როგორ უნდა შეძლოს საქართველომ გლობალური პანდემიის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე წარმატებული პოზიციონირება.

დღის ამბები