29 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
არასამთავრობო სექტორის შეფასებით, პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით ოპოზიციის უფლებრივი მდგომარეობა უარესდება

უმრავლესობის წევრებმა პარლამენტში 1 ივნისს რეგლამენტში ცვლილებების პროექტი წარადგინეს.  "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შეფასებით, პროექტით გათვალისწინებული  სიახლეებით, მნიშვნელოვნად  უარესდება ოპოზიციის უფლებრივი მდგომარეობა, მათ შორის:

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული დეპუტატები საერთო ფრაქციას ვეღარ შექმნიან;

პოლიტიკური დებატების დროს უმრავლესობის ფრაქციას გამოსვლის დრო ეზრდება, პატარა ფრაქციებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს კი უმცირდებათ;

საპროკურორო საბჭოს წევრს ოპოზიცია მისი კვოტის შესავსებად დამოუკიდებლად, უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე ვეღარ დაამტკიცებს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებით, რეგლამენტში შესატანი ცვლილებები უარყოფითად უნდა შეფასდეს, რადგან მნიშვნელოვნად აუარესებს ოპოზიციის (მათ შორის დამოუკიდებელი დეპუტატების) უფლებრივ მდგომარეობას პარლამენტში და ორიენტირებულია უმრავლესობისათვის პრივილეგიების შექმნაზე.

"საპარლამენტო რესპუბლიკაში დემოკრატიული მმართველობის განვითარება შეუძლებელია მხოლოდ უმრავლესობის უფლებების გაძლიერების ხარჯზე. პარლამენტის როლის გაძლიერებისათვის მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა მნიშვნელოვან პროცესებში.

ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებები ორიენტირებული იყოს ყველა პოლიტიკური ძალის სრულფასოვან მონაწილეობაზე საკანონდებლო და საზედამხედველო პროცესში და გააძლიეროს ოპოზიციის როლი (რისი რეკომენდაციაც არაერთხელ წარვუდგინეთ პარლამენტს), იგი იმ უფლებებსაც უმცირებს ოპოზიციას, რაც მოქმედი კანონმდებლობით აქვს მინიჭებული," - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია ამბობს, რომ ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში დაბალი საპროცენტო ბარიერი, რომელიც არჩევნებზეა შემოთავაზებული, ყველანაირ აზრს დაკარგავს:

"ვერ შექმნის ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ფრაქციას, თუ ის არჩევნებში 5%-ს ვერ მიიღებს," - აცხადებს ლიკა საჯაია.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ასევე მიუღებლად მიაჩნია ის ცვლილებაც, რომელიც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მიერ ფრაქციის შექმნის შეზღუდვას გულისხმობს და აცხადებს, რომ ამ ჩანაწერს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს.

დღის ამბები