29 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ საჯარო განხილვას ოპოზიციის ნაწილი პროტესტის ნიშნად არ დაესწრო

საკონსტიტუციო ცვლილებებზე პირველი საჯარო განხილვა მოქალაქეების მონაწილეობის გარეშე გაიმართა. დაინტერესებული პირები კომისიის წევრებს კითხვებს ონლაინ რეჟიმში უგზავნიდნენ და განხილვა პირდაპირი ეთერის საშუალებით გადაიცემოდა. განსხვავებით დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილისგან საყოველთაო განხილვებში პროტესტის ნიშნად მონაწილეობა არ მიუღიათ "ნაციონალურ მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს. მმართველი პარტია სწორედ დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერით შეეცდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. საჯარო განხილვების ფარგლებში მორიგი შეხვედრა 13 ივნისს ბათუმშია დაგეგმილი. ამის შემდეგ საყოველთაო მსჯელობა დასრულდება და პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ განხილვაზე ისაუბრა იმის შესახებ თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებას ოპოზიციის მხარდაჭერაც ქონდეს:

"თუ ამ ცვლილებებს არ ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა იმ თანაფარდობით მაინც, რომ მინიმუმ ჩვენ უზრუნველვყოთ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი ხმების რაოდენობა, რასაკვირველია ცვლილებებს საფრთხე ემუქრება. თუ ოპოზიცია გააკეთებს ამის ბლოკირებას და ჩააგდებს, ვფიქრობ, რომ წინასწარ ამაზე კიდევ ბევრი დაფიქრება სჭირდება. თუ რომელიმე პარტია ფიქრობს ამის გაკეთებას, იმიტომ  რომ ეს ცვლილებები ხომ ოპოზციის ინტერესებშიც არის," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის უკეთესი ჩვენი ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარებისათვის:

"პროპორციული სისტემა არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ პლურალიზმის ხარისხი იყოს მაღალი და პარტიების დაბალანსებული წარმომადგენლობა  იყოს უზრუნველყოფილი. ყველა პარტიას აქვს თავისი სუბიექტური ინტერესი, ტრადიციულად მმართველ პარტიას ყოველთვის ჰქონდა სუბიექტური ინტერესი, რომ დარჩენილიყო შერეული სისტემა, იმიტომ რომ სუბიექტურად  და მათემატიკურად ეს მას აძლევს უპირატესობას პარლამენტში მანდატების განაწილების დროს. არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის უკეთესი ჩვენი ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარებისათვის," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, სერიოზული კითხვის ნიშნები გააჩინა იმან, რომ მმართველმა გუნდმა აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით მიცემული პირობა თავის დროზე ვერ შეასრულა:

"რაც უფრო მალე გადავიდოდა ჩვენი ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ეს იქნებოდა ჩვენი საზოგადოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან ეს იქნებოდა გარანტი, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის ხმა იქნებოდა უფრო უკეთ ასახული საპარლამენტო წარმომადგენლობაში. როდესაც შეთანხმებული ცვლილება ჩავარდა, იძულებული ვიყავით, უმრავლესობის რიგები დაგვეტოვებინა. როდესაც პირობას იძლევი და ამ პირობის შესრულების შესაძლებლობა არ გეძლევა პრაქტიკულად საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმატში, ბუნებრივია, ეს ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს,"- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მისი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა ექნება. ირმა ინაშვილი ხელისუფლებას ამ ცვლილებების ჩავარდნის შესაძლო შედეგებზეც აფრთხილებს:

"ამ ცვლილებებს თქვენ ზუსტად იცით, რომ აქვს ოპოზიციის მხარდაჭერა ჩვენი სახით და დამოუკიდებელი დეპუტატების სახით, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ გავიტანოთ ეს ცვლილებები, მე მგონი ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული ამ ცვლილებების ჩავარდნას რა შეიძლება მოჰყვეს. უკვე პარტიებზე აღარ იქნება ლაპარაკი, საერთოდ თქვენი ხელისუფლებისთვის და ჩვენი სახელმწიფოებისთვის," - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის ამბები