29 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
პროკურატურამ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე ბრალდებულების მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

თბილისის პროკურატურამ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი პროკურატურა ავრცელებს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, პატრულ-ინსპექტორების მიერ დევნის შედეგად შეჩერებული იქნა ავტომანქანა. ავტომანქანიდან გადმოსულმა გ.ა-მ და ნ.თ-მ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და პოლიციის მუშაკების საქმიანობის შეცვლისა და შეწყვეტის მიზნით გაუწიეს  ფიზიკური წინააღმდეგობა  პატრულ-ინსპექტორებს - ი.კ-ს და ზ.მ-ს. 
ნ.თ-ს და გ.ა-ს მიერ განხორციელებული ქმედებით ი.კ-ს და ზ.მ-ს არ მიეცათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.

სამართალდამცველებმა ნ.თ და გ.ა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ნ.თ-ს და გ.ა-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება,"- აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

დღის ამბები