ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსი უკვე 6,6 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ფატალური შემთხვევების რიცხვი კი 389,000-ს აღწევს.
ვითარება მძიმეა საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც, სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა "ფეისბუკ" ლაივის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში ათასობით ასიმპტომური პაციენტია, რომლებმაც არ იციან, რომ ინფიცირებულები არიან.
რუსეთში კი ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 831 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 441 108-მდე გაიზარდა, ქვეყანაში COVID-19-ისგან, კიდევ 169 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 5 384-ს მიაღწია.
პანდემიის გავრცელებამ პიკს მიაღწია სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, ბრაზილიაში COVID-19-ის 587,000 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 33,000-ს აღწევს.
მექსიკა კი მე-14 ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობა 100 000-ს აჭარბებს. ბოლო ერთ დღეში გარდაიცვალა 1 092 ადამიანი. ინფიცირების შემთხვევების მიხედვით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც კორონავირუსი 1,900,000-ზე მეტ პაციენტს დაუდგინდა, მათ შორის 109,000 გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ქვეყნის 50 შტატში COVID ინფიცირების 2 200-მდე შემთხვევა გამოვლინდა, ლეტალურად დასრულდა 34 პაციენტის სიცოცხლე.