29 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
რატომ უწერენ ქართველ ემიგრანტებს დოკუმენტებში დაბადების ადგილად რუსეთს - ხარვეზის შესახებ საგარეო უწყებაში "კურიერისგან" შეიტყვეს

იტალიასა და საფრანგეთში, ქართველი ემიგრანტები ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ გაარკვიონ, რატომ ჩაუწერეს ოფიციალურ დოკუმენტებში დაბადების ადგილად: თბილისი - რუსეთი, და თბილისი - საბჭოთა კავშირი. საქართველოს მოქალაქეებს შესაბამის უწყებებში განუმარტეს, რომ სისტემა თბილისთან ერთად რუსეთსა და საბჭოთა კავშირს ავტომატურად აფიქსირებს და ამ ხარვეზის ჩასწორება ამ მომენტისთვის ვერ ხერხდება.

იმავე პრობლემის წინაშეა "კურიერის" კიდევ ერთი რესპონდენტი, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში, 1994 წელს დაიბადა, მაგრამ იტალიის ხელისუფლების მიერ გაცემულ დოკუმენტში, ამ შემთხვევაშიც, თბილისი რუსეთის ნაწილად არის მოხსენიებული. ხარვეზის გამოსწორებას ემიგრანტი 2012 წლიდან ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.

პრობლემა მოგვარდება - დარწმუნებულები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც სისტემური ხარვეზის არსებობა "კურიერისგან" გაიგეს. უწყებაში ფაქტს ბიუროკრატიულ ხარვეზს უწოდებენ და ამბობენ, რომ უკვე დაიწყეს პარტნიორებთან პრობლემის შესწავლა.

რატომ არ არის განახლებული საქართველოს შესახებ საინფორმაციო ბაზები პარტნიორ ქვეყნებში? - იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა "კურიერს" უთხრა, რომ ეს საკითხი მისთვის უცნობია და ამაზე დღეს ვერ ისაუბრებს. მისმა მოადგილემ კი განმარტა, რომ ხარვეზს აუცილებლად შეისწავლიან.

ოპოზიციის შეფასებით, პარტნიორ ქვეყნებში დღემდე მსგავსი ხარვეზის არსებობა ადასტურებს, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებები, დიპლომატიური და საკონსულო მისიები ეფექტიანად ვერ მუშაობენ, მმართველი გუნდი კი წარსულში მსგავსი ხარვეზების გამოსწორების პრაქტიკას იხსენებს.

"კურიერის" მიერ მოპოვებული დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ, სხვა ქართველმა ემიგრანტებმაც გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში ანალოგიური ხარვეზები ფიქსირდება. საგარეო საქმეთა სამინისტრო, მსგავსი ტიპის პრობლემის მქონე ადამიანებს მოუწოდებს, ადგილობრივ საკონსულოს მიმართონ.

დღის ამბები