29 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
თუ ვერ ხდება შეთანხმება, მინიმუმ საინტერესოა რატომ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე

საკითხი, შეთანხმდება თუ არა გაერთიანებული ოპოზიცია მაჟორიტარების საერთო კანდიდატებზე - ამ დრომდე ბუნდოვანია. უმრავლესობის ოპონენტებმა საერთო ენა ვერ გამონახეს, რასაც ურთიერთბრალდებები და კრიტიკაც მოყვა. 

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე აცხადებს, რომ მისი პარტია ერთგული რჩება იმ წინასწარი შეთანხმების, რომელიც ოპოზიციაში მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით იყო.

"ერთგული ვრჩებით იმ წინასწარი შეთანხმებისა, რომელიც ოპოზიციაში მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით არის. აქ მთავრია ამოსავალი წერტილი, რომელიც არის ის, რომ მოვახერხოთ და რაც შეიძლება ნაკლები მაჟორიტარული ოლქი მოიგოს "ქართულმა ოცნებამ".

რაც შეეხება ცალკეული პარტიის პოზიციებს, პროცესი ცუდად არ მიდის. ბუნებრივია, რომ ამ გზაზე გარკვეული სირთულეები იქნება, მაგრამ გვაქვს მოლოდინი, რომ ყველა ოპოზიციონერი კოლეგა საკითხს პასუხისმგებლიანად მიუდგება,"-  განაცხადა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრმა, ანზორ ბიწაძემ.

"გირჩის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კი აღნიშნავს, რომ მეორე ტურის შეთანხმებაზე საუბარი მხოლოდ დიდ პარტიებს აწყობთ და ეს ფორმულა მათთვის მიუღებელია. 

"რიტორიკა შეიცვალა და ცალკეული პოლიტიკოსებს აქცენტი გადაჰქონდათ მეორე ტურზე და საუბარი იყო იმაზე, რომ პირველი ტურის შეთანხმებაზე მეტად მნიშვნელოვანია მეორე ტურში ყველამ მხარი დაუჭიროს გადასულს. ეს პრინციპულად სხვა ფორმულაა, რომელიც მეორე ტურში უკვე დიდი პარტიას აწყობს.

პირველ შემთხვევაში კი, როდესაც შეთანხმებაზეა საუბარი, თუ ჩვენ მართლა გვინდა პროპორციული სისტემა, 30 მაჟორიტარი პროპორციულად უნდა განაწილდეს. თუ ვერ ხდება შეთანხმება, მინიმუმ საინტერესოა ის, თუ რატომ ვერ ხერხდება," - აცხადებს "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ ჯაფარიძე. 

დღის ამბები