29 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
არჩევანი ბევრი არ გვაქვს, თუ პაციენტი კრიტიკულ სიტუაციაშია - მაია ბუწაშვილი "პლაქვენილზე"

ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და კლინიკა "ნეოლაბის" კლინიკური განყოფილების გამგე მაია ბუწაშვილი "დღის კურიერის" ეთერში კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატ "პლაქვენილის" გამოყენებაზე საუბრობს.

მაია ბუწაშვილის განაცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ კორონავირუსის სამკურნალოდ არც ერთი მეცნიერებით დადასტურებული პრეპარატი არ არსებობს, მძიმე და კრიტიკულ პაციენტებში, როდესაც სხვა არჩევანის ალტერნატივა არ არის, პრეპარატ "პლაქვენილის" გამოყენება დასაშვებია.

"დღესდღეობით ჩვენ ვართ ისეთ ვითარებაში, როდესაც არც ერთი პრეპარატი არ არის ოფიციალურად დადასტურებული და არც ერთი სამეცნიერო მტკიცებულება არ არის იმდენად მყარი, რომ თავისუფლად შეგვეძლოს თქმა, რომ ესა და ეს პრეპარატი კურნავს კორონავირუსს. ამიტომ, იმ სიტუაციებში, როდესაც პაციენტი არის ძალიან მძიმე კრიტიკულ სიტუაციაში, არჩევანი დიდი არ გვაქვს. ამ დროს, რა თქმა უნდა, მოწოდებულია ყველა შესაძლო არსენალის გამოყენება," - განმარტა მაია ბუწაშვილმა.

რაც შეეხება პრეპარატ "იბუპროფენს", მაია ბუწაშვილის თქმით, ნებისმიერი პრეპარატის მხარდასაჭერი ან საწინააღმდეგო კომენტარების გაკეთება ნაადრევი და დაუსაბუთებელი იქნება.

""იბუპროფენთან" დაკავშირებით ცოტა უცნაურ სიტუაციაში ვართ. როგორც იცით თავიდან გავრცელდა საერთოდ საწინააღმდეგო რეკომენდაცია, რომ არ გამოყენებულიყო საერთოდ "იბუპროფენი". ამჟამად ეს ახალი ინფორმაცია არის მხოლოდ და მხოლოდ წინასწარი ჰიპოთეზა, ამიტომ სანამ მედიკამენტი ბოლომდე არ გაივლის ჭეშმარიტად ეპიდემიოლოგიაში მიღებულ ყველა წესების დაცვით კლინიკურ კვლევას თავისი საკონტროლო ჯგუფით, ნაადრევი და დაუსაბუთებელია რომელიმე პრეპარატის მხარდასაჭერი ან საწინააღმდეგო განცხადებები," - აცხადებს მაია ბუწაშვილი.

დღის ამბები