უკვე მერვე დღეა, მშვიდობიანმა საპროტესტო აქციებმა, აშშ-ის დაახლოებით 40 ქალაქში, ძალადობრივი ხასიათი მიიღო. მომიტინგეები პოლიციის რეფორმირებას და ჯორჯ ფლოიდის საქმეში დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. პოლიციასთან შეტაკებების მიუხედავად, მომიტინგეები დაშლას არ აპირებენ. ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და ლოს-ანჯელესში კი უკვე გამოჩნდა ეროვნული გვარდია.
პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას უკვე 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სამართალდამცველებმა რამდენიმე დიდ ქალაქში ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაშავდა ათეულობით მომიტინგე და პოლიციელი. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი.
არეულობის გამო კომენდანტის საათი დაწესებულია შეერთებული შტატების დაახლოებით 40 ქალაქში, მათ შორის ვაშინგტონში, ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები კომენდანტის საათს დაარღვევენ, მათ ფულადი ჯარიმა ან პატიმრობა ემუქრებათ.
"ჯორჯ ფლოიდი" - ამ შეძახილებს სკანდირებდნენ პორტლენდში აქციის მონაწილეები, რომელთაც პროტესტის უჩვეულო ფორმას მიმართეს. ათასობით დემონსტრანტი ასფალტზე დაწვა და გარდაცვლილი აფროამერიკელის საქმეზე სამართლიანობა მოითხოვა.
მეზობელ სიეტლში კი მომიტინგეებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიებისგან თავის დასაცავად, ჰონგ-კონგელების მსგავსად, ქოლგები გამოიყენეს.
შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენებს რომის პაპი გამოეხმაურა. კათოლიკური სამყაროს ლიდერმა რასიზმი დაგმო და ამერიკელებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
ამერიკის სხვადასხვა შტატში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და ბრალი მკვლელობაში წაუყენეს.