29 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
არასრულწლოვნის თანდასწრებით ძაღლის წამების კადრები - სოციალური მუშაკი ოჯახის წევრების პასუხისმგებლობაზე საუბრობს

არასრულწლოვანი ბიჭის მხრიდან ძაღლების ჩხუბის წაქეზებაში მისი ოჯახი პრობლემას ვერ ხედავს. წამებისა და განსაკუთრებული სისასტიკის ამსახველი 17 წამიანი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელებიდან მალევე, განხილვის საგანი გახდა. კადრები მძიმეა, ფაქტები კი ნათელი - დიდი ზომის ძაღლი პატარა ლეკვს არასრულწლოვნის თვალწინ ახრჩობს.

ამ მძიმე ვიდეოს მიხედვით ირკვევა, რომ ფაქტის შემსწრე არასრულწლოვანი დანაშაულის ერთ-ერთი მთავარი წამქეზებელი იყო. ვიდეომასალის მიხედვით ისიც დგინდება, რომ ბავშვთან ზრდასრულიც იმყოფება, რომელიც, ერთ-ერთი ვერსიით, ვიდეოს გადამღებია. თუმცა, ამ ფაქტს ოჯახში, სადაც დღეს "კურიერი" იმყოფებოდა, უარყოფენ.

ოჯახი ფიქრობს, რომ საქმეში სოცმუშაკისა და ფსიქოლოგის ჩართულობა ზედმეტია, თუმცა სულ სხვა პრობლემებზე საუბრობენ სოფელში.

ოჯახში ძალადობის თემაზე მომუშავე უფლებადამცველი, მომხდართან დაკავშირებით, მშობლებისა და ოჯახის წევრების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მაია ჩიტაიას თქმით, ბავშვის მეურვე ვალდებულია, აკონტროლოს, თუ რითი ერთობა არასრულწლოვანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოზარდზე მეურვეობის დაკარგვის საფრთხეც დადგეს.

შეეწირა თუ არა ლეკვი გავრცელებულ ვიდეოს, ეს კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია. "კურიერის" გადამღებ ჯგუფს ოჯახში მისულებს დახვდა ძაღლი, იმავე ლაქებით, თუმცა დაზიანებების გარეშე. არასრულწლოვნის ბიძა ამტკიცებს, რომ ეს ის ლეკვია, რომელსაც ვიდეომასალაში ნაგაზის ჯიშის ძაღლი გლეჯს.

ცხოველთა დამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ახლა ლეკვზე ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვე. ამბობენ, რომ ვიდეომასალაში სხვა ძაღლია გადაღებული. მათი თქმით, ოჯახი დანაშაულის არასრულწლოვანზე გადაბრალებას და თითქოს გაუაზრებელი ქმედების გამართლებას ცდილობს. ცხოველთა დამცველები დღეს საგარეჯოს პოლიციაში პროკურორთან შესახვედრად ჩავიდნენ, შემდეგ კი კახეთის მერს გაესაუბრნენ.

საქმეზე გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით უკვე დაწყებულია. ლეკვი ახლა მერიის მუნიციპალიტეტს თავშესაფარში ჰყავს. ჩაერთვებიან თუ არა საქმეში ფსიქოლოგები და სოცმუშაკი ოჯახის უარის მიუხედავად, ჯერჯერობით, უცნობია.

დღის ამბები