29 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
როგორ გადაინაწილებს 8 მაჟორიტარულ ადგილს თბილისში გაერთიანებული ოპოზიცია - დიდი პარტიები მზად არიან, დათმობაზე წავიდნენ

20 ივნისამდე ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე უნდა შეთანხმდეს. გაერთიანებულ ოპოზიციაში 31 პარტიაა, ადგილი კი სულ 8. ახლა მთავარი კითხვაა,  როგორ გადანაწილდება ეს ადგილები. დიდ პარტიებში ამბობენ, რომ მზად არიან დათმობაზე წავიდნენ. სავარაუდოდ, თბილისში "ევროპულ საქართველოს" ერთი ან ორი კანდიდატი ეყოლება, თუმცა სად, ჯერ ბუნდოვანია.

ერთობის შესანარჩუნებლად დათმობისთვის მზადაა "ნაციონალური მოძრაობა". პარტიაში ამბობენ, რომ ახლა პირველი ამოცანა თბილისის მასშტაბით შეთანხმებაა. პარტიას დედაქალაქში, სავარაუდოდ, 3 კანდიდატი ეყოლება, 30-ვე ოლქში კი შეთანხმების აუცილებლობას ნიკა მელია ვერ ხედავს.

ერთ-ერთ დათმობილ ოლქში, სავარაუდოდ, ირაკლი ოქრუაშვილს ვიხილავთ. თუმცა დღეს ინფორმაცია, რომ ის ნაძალადევის რაიონში იყრის კენჭს, "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა "კურიერთან" უარყო.

ოქრუაშვილის ფორმულას არ ეთანხმება "ლელო". პარტიაში მყარად აქვთ გადაწყვეტილი, მაჟორიტარული ადგილებისთვის დამოუკიდებლად იბრძოლონ. პირველ რიგებში ანა ნაცვლიშვილს, კახა კოჟორიძესა და გიორგი გეგელიას ვიხილავთ. შესაძლოა, მაჟორიტარებს შორის იყოს ბადრი ჯაფარიძეც, ამ შეკითხვაზე პასუხს დღეს "ლელოს" დამფუძნებელმა თავი აარიდა.

პრეზენტაციამდე უკვე ცნობილია "ლელოს" გეგმა მეორე ტურში. პარტია მზადაა ოპოზიციის კანდიდატს დაუჭიროს მხარი, თუმცა ესეც არა უპირობოდ.

მეორე ტურში არავის მხარდაჭერას არ გეგმავს დავით ჭიჭინაძე, რომელმაც ოპოზიციასთან არც ერთ ეტაპზე არ ითანამშრომლა და არჩევნებზეც საკუთარი გეგმით გადის.

ოპოზიცია მაჟორიტარებზე მსჯელობისთვის "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში უახლოეს დღეებში ისევ შეიკრიბება. კონსულტაციებისთვის არც ისე დიდი დროა. დედაქალაქის შესახებ უახლოეს 2 კვირაში უნდა შეთანხმდნენ. დანარჩენ ოლქებში კი, შესაძლოა, ოპოზიციურმა პარტიებმა მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღონ.

სულ, ქვეყნის მასშტაბით, 30 მაჟორიტარული ოლქია, აქედან 22 - რეგიონებში.

დღის ამბები