29 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
ნათია თურნავამ ესტონეთის ეკონომიკის მინისტრთან ერთად ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხი განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ტაავი აასთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც განხილული იქნა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროში. ნათია თურნავამ ესტონელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მზაობაზე, პირველი ივლისიდან გახსნას საკუთარი ტურისტული ბაზარი საერთაშორისო მოგზაურებისთვის და მათ უსაფრთხო დასვენების პირობები შესთავაზოს.

როგორც ონლაინშეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, საქართველო ძალიან კარგად პასუხობს უსაფრთხოების ყველა ნორმას. მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ბალტიის ქვეყნებიდან, მათ შორის, ესტონეთიდან ტურისტები ჩამოვლენ და ასევე ჩვენი მოქალაქეებიც შეძლებენ ესტონეთს ესტუმრონ.

"ჩვენ კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ თუ რა უნდა გაკეთდეს ბოლო ნაბიჯები იმისთვის, რომ პრაქტიკულად გავხსნათ ჩვენი ქვეყნები ტურისტებისთვის და ზოგადად ვიზიტორების გახსნისთვის. კონკრეტული კრიტერიუმები, რაც უკვე გამოქვეყნებული აქვს ესტონეთს და რომლის მიხედვითაც საქართველო ძალიან კარგად პასუხობს ყველა უსაფრთხოების და პრაქტიკულად ჩანს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც როგორც ბალტიისპირეთიდან მთლიანად და მათ შორის ესტონეთიდანაც ტურისტები ჩამოვლენ და ეს ეპიდემიოლოგიურად აბსოლუტურად უსაფრთხოა," - აცხადებს ნათია თურნავა.

დღის ამბები