ამერიკის შეერთებულ შტატებში აქციაზე დაპირისპირებების დროს 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. უკვე კვირაზე მეტია, მასობრივი საპროტესტო აქციები, ყოველ ჯერზე, სამართალდამცველებთან შეტაკებებით სრულდება.
პოლიციამ რამდენიმე დიდ ქალაქში ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი. არეულობის გამო კომენდანტის საათი დაწესებულია შეერთებული შტატების დაახლოებით 40 ქალაქში, მათ შორის, ვაშინგტონში, ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში.
შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენების გამო ევროკავშირი და გაერო მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს. ამერიკელებს სიმშვიდისკენ მოუწოდა რომის პაპმაც.
"რასიზმზე თვალის დახუჭვა არავის შეუძლია, მაგრამ ძალადობა უნდა დავგმოთ, ეს თვითგანადგურება და თვითდამარცხებაა. ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება ტრაგედიაა. ჩვენ ვლოცულობთ მისთვის და ყველა მათგანისთვის, ვინც მის მსგავსად გარდაიცვალა. ამერიკელებს გაერთიანებასა და მშვიდობას ვუსურვებთ. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი ოჯახები,"-განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.
მინეაპოლისსა და ამერიკის სხვადასხვა შტატში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. გამოძიების ფარგლებში, უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.