29 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
რა შესაძლებლობებს და შეღავათებს სთავაზობს COVID-19-ის კრიზისის პირობებში განათლების სისტემა აბიტურიენტებს 

საქართველო მსოფლიო პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის გზებს ეძებს. გამონაკლისი არც განათლების სისტემაა. COVID-19-სგან შექმნილმა მდგომარეობამ საგანმანათლებლო დაწესებულებებს დღის წესრიგი შეაცვლევინა. დისტანციური სწავლების მეთოდების დანერგვის შემდეგ, უნივერსიტეტები სტუდენტების მოსაზიდად ახლა უკვე სხვადასხვა შეღავათსა თუ შეთავაზებას აწესებენ.

ყველა ის აბიტურიენტი, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საერთო მაჩვენებლით საუკეთესო 1000 კაცში მოხვდება, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის არჩევის შემთხვევაში სრულ დაფინანსებას მიიღებს. ამასთან ერთად, განათლების ხელმისაწვდომობისთვის "გაუ" მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრიდან ტოპგრანტის გაცემასაც დაიწყებს.

კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად გარკვეული შეღავათები უკვე დაწესებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. ერთ-ერთი მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელი მომავალი სტუდენტებისთვის სასტიპენდიო ბიუჯეტს ზრდის, საერთო საცხოვრებლით სარგებლობის მსურველთათვის კი შეღავათებს აწესებს.

სფეროში არსებული კრიზისისა და გამოწვევების ფონზე, სიახლეები აქვთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. სკოლადამთავრებული ახალგაზრდები, რომლებიც სწავლის გაგრძელებას სწორედ ამ უნივერსიტეტში გადაწყვეტენ, სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობასაც მიიღებენ. ახალი პირობებით, 100 საუკეთესო შედეგის მქონე გრანტის სახით ყოველთვიურ ფულად ჯილდოს მიიღებს. ილიას უნივერსიტეტი მომავალ სტუდენტებს გაცვლითი პროგრამების მრავალფეროვნებასაც სთავაზობს.

პანდემიის მიზეზით გაჩენილი პრობლემების მიუხედავად, უმაღლესი განათლების მიღების მსურველებს ახალ გამოწვევებთან ერთად ახალი შესაძლებლობებიც მიეცემათ.

დღის ამბები