29 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
გია ჟორჟოლიანი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის წინააღმდეგ - დეპუტატის ინიციატივას ჯერჯერობით მხარდაჭერა არ აქვს

ნაკლები როლი ფულს და მეტი შანსი პარტიებს - ეს იმ იდეის მოკლე შინაარსია, რომელის ავტორი გია ჟორჟოლიანია, სოციალ-დემოკრატი, რომლის არგუმენტაციითაც, ქვეყანაში არსებობს ბევრი საარჩევნო სუბიექტი, ვისაც სარეკლამო ორთაბრძოლაში ჩართვის ფუფუნება უბრალოდ არ აქვს და არიან ისეთები, რომელთა სუსტი მხარეც ფინანსები ნამდვილად არასდროს ყოფილა. სწორედ ამიტომ, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ფასიანი რეკლამა საარჩევნო პერიოდში საერთოდ უნდა გაუქმდეს და მაუწყებლებმა არჩევნებში მონაწილეებს უფასო რეკლამისთვის თანაბარი დრო გამოუყონ. შედეგი, დეპუტატის თქმით, ის იქნება, რომ ორპოლუსიანი პოლიტიკის წინააღმდეგ მცირე პარტიებს მეტი შესაძლებლობები გაუჩნდებათ.

იდეალურ გარემოში ამგვარი თეორია ოპოზიციისთვის მისაღები იქნებოდა, თუმცა მათთვის დღევანდელი მოცემულობა იდეალურისგანაც და თეორიულისგანაც შორსაა. ამიტომ, მიიჩნევენ, რომ თანასწორი პირობების შესაქმნელად უფრო პრაგმატული გზები უნდა მოიძებნოს, მათ შორის წამახალისებელი ნაბიჯებიც, თუმცა ისე, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი არ დაირღვეს. ამ ეტაპზე, გია ჟორჟოლიანის ინიციატივას მისი ოპოზიციონერი კოლეგების მხარდაჭერა არ აქვს.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში, სადაც ნაწილისთვის იდეა აბსურდულად გამოიყურება, იმის დაშვება, რომ თანაბარი სარეკლამო დრო და ფასიანი რეკლამის გაუქმება კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ პარტიებს შორის თანასწორობას შექმნის, მცდარია, რადგან ფინანსების გარდა მათი მთავარი კონკურენტის, მმართველი პარტიის ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტი ადმინისტრაციული რესურსებია, ამიტომ რისკებს სწორედ ძალაუფლების მქონე მხარეში ხედავენ.

პროექტს არც მმართველი გუნდი იწონებს, უმრავლესობაში ეჭვით უყურებენ იმის შესაძლებლობას, რომ გია ჟორჟოლიანის იდეას პარლამენტში მსვლელობა მიეცეს, რადგან აქამდე გამართულ კონსულტაციებზე "ქართული ოცნების" დეპუტატებს არასდროს სმენიათ კომერციული რეკლამის საწინააღმდეგო აზრები. თემას სამუშაო ჯგუფში, სხვა საარჩევნო თემატიკასთან ერთად განიხილავენ, თუმცა არ აზუსტებენ, მათ რა ხედვა აქვთ ამ საკითხზე.

სოციალ-დემოკრატების ლიდერს იმედი აქვს, რომ პარლამენტში მისი პროექტის განხილვა არჩევნებამდე მოესწრება, თუმცა დღეის მონაცემებით ჩანს, რომ პროექტს მხარდაჭერა არ ექნება.

დღის ამბები