29 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
პირბადის გარეშე ყოფნა და უსაფრთხოების წესების დარღვევა დასჯადი ხდება - პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებაზე მუშაობას იწყებს

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე ყოფნა და უსაფრთხოების წესების დარღვევა მალე კანონით დასჯადი გახდება. საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას პარლამენტი იწყებს. ინიციატივის მიზნად მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების უკეთ ადმინისტრირება სახელდება. ჯარიმების ოდენობა და სხვა რა სახის ადმინისტრაციული სანქცია გატარდება კანონდამრღვევის მიმართ, ამ ეტაპზე, უცნობია. მმართველი პარტია ცვლილებების შემუშავების აუცილებლობის წინაშე მას შემდეგ დადგა, რაც საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, ინფიცირების რისკი კი ისევ მაღალი დარჩა. მოქალაქეების ნაწილი საკანონმდებლო ცვლილებების მომხრეა, ნაწილი კი რეგულაციების სხვა მიმართულებით გამკაცრებას ითხოვს.

საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება პარლამენტის თავმჯდომარემ იურიდიული და ჯანდაცვის კომიტეტებს უკვე დაავალა. არჩილ თალაკვაძის ინიციატივას საპარლამენტო ოპოზიციაში კრიტიკა მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტები საკანონმდებლო ცვლილებებში საფრთხეს ხედავენ. აქცენტს ჯარიმებზე აკეთებენ და ამბობენ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ამოქმედებულ ფულადი სანქციები შერჩევითად და არაპროპორციულად გამოიყენებოდა.

საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების დროს ჯარიმის ოდენობაზე აქვთ კითხვები დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილს. მათი თქმით, სანქციების დაწესების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს მთავარი მიზანი, რომ ის არა მკაცრად დასჯის, არამედ პრევენციის საშუალება იყოს.

საკანონმდებლო ცვლილებები დეპუტატებმა დაჩქარებული წესით უნდა მოამზადონ. როგორც მმართველ პარტიაში ამბობენ, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ 2 ამოცანის წინაშე დადგნენ - ერთი ვირუსის გავრცელების შესაკავებლად უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დაცვას, მეორე კი - მოქალაქეების ინტერესებს ეხება. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სანქციების ოდენობა გონივრული უნდა იყოს და მან დამატებითი სოციალური პრობლემები არ უნდა შექმნას.

საკანონმდებლო ცვლილებები, სავარაუდოდ, მომავალი კვირისთვის იქნება მზად, კანონპროექტზე ჯერ საკომიტეტო განხილვები გაიმართება, ამის შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისთვის გაიტანენ.

დღის ამბები