29 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ემუქრება თუ არა ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს განკვეთა - ეკლესიის მაღალ იერარქთა სკანდალური ურთიერთბრალდებები გრძელდება

იმის გამო, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ლოცვებში აღარ იხსენიებდა, ჭყონდიდის ეპისკოპოსმა არქიმანდრიტი ათიოგენე დასაჯა და წირვის ჩატარების უფლება შეუჩერა. სასულიერო პირი ეპისკოპოს პეტრე ცაავას გარემოცვის წევრია. ისინი წლების განმავლობაში ჯერ ყაზბეგში, შემდეგ კი მარტვილში 14 წელი ერთად მსახურობდნენ. სასულიერო პირები ამბობენ, რომ საპატრიარქო განსხვავებული და კრიტიკული აზრის გამო ჭყონდიდის ყოფილი ეპისკოპოსის გარემოცვის დასჯას აგრძელებს.

როგორც ბალდის მამათა მონასტრის მსახური ამბობს, ილია მეორეს ლოცვაში სკანდალური სინოდის სხდომის შემდეგ აღარ იხსენიებს. არქიმანდრიტი ათიოგენე ვარაუდობს, რომ მის საკითხს ზნეობის კომისიაც განიხილავს.

არქიმანდრიტი ათიოგენეს საუბრიდან ირკვევა, რომ სასულიერო პირის ინფორმაციაზე დაყრდნობით მეუფე პეტრემ პრობლემაზე მსჯელობა სინოდზე მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ. სინოდის სხდომაზე პეტრეს ეპარქია ჩამოართვეს და ღვთისმსახურება აუკრძალეს. 

მეუფე იაკობმა ამაღლების დღესასწაულზე არ დამალა, რომ ჭყონდიდის ყოფილი ეპისკოპოსისა და მასთან დაახლოებული პირების განკვეთა მოხდებოდა. დღეს კი, "კურიერთან" საუბრის დროს, დაპირისპირებაში მყოფ მეუფეს ჭყონდიდის ყოფილმა მმართველმა პეტრე ცაავამაც კრიტიკით უპასუხა.

იყო ბოდბელი ეპისკოპოსის პასუხის პასუხიც. ბოდბელი ეპისკოპოსი დარწმუნებულია, რომ მისი სკანდალური განცხადებები სინოდის სხდომაზე არ განიხილება და 31 ოქტომბრის მსგავსად პასუხისგება ისევ ჭყონდიდის ყოფილ ეპისკოპოსს მოუწევს. სკანდალური განცხადების ავტორს გამონაკლისი არც დღეს დაუშვია და განმარტა, რომ ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც მას აკრიტიკებს, ფაქტები გააჩნია, რის გამოც მისი ეშინიათ.

როგორც მეუფე პეტრე ცაავას გარემოცვის წევრი ანდრია სარია ამბობს, გავლენიანი მაღალი იერარქიის სასულიერო პირი მეუფე იაკობი მათი კრიტიკით საკუთარი შეცდომების გადაფარვას ცდილობს და ის უნდა განიკვეთოს.

წმინდა სინოდის წევრების მტკიცებით, ეპისკოპოსები სათათბირო ოთახში შესვლამდე ინფორმირებული არ არიან თუ რა საკითხების განხილვა უწევთ, თუმცა ამბობენ, რომ თუ საეკლესიო სამართლით სასულიერო პირების ბრალეულობა გამოიკვეთება, წმინდა სინოდი ერთსულოვან გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამ დრომდე უცნობია, მოიწვევს თუ არა 46 ეპისკოპოსი სინოდის სხდომაზე ყოფილ წევრს მეუფე პეტრე ცაავასა და მისი გარემოცვის წევრებს. ასევე უცნობია, როდის შეიძლება გაიმართოს სინოდის სხდომა, რომლის გადაწყვეტილებებსაც მხარეები ელოდებიან.

დღის ამბები