29 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
აქციები რასიზმის წინააღმდეგ - აშშ-ში მოსახლეობის პროტესტმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო

დამწვარი მაღაზიები და მანქანები, დარბეული საჯარო დაწესებულებები - უკვე ერთი კვირაა, ამერიკის შეერთებულ შტატებში რასიზმისა და პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ გამართულმა საპროტესტო აქციებმა თავადაც ძალადობრივი ხასიათი შეიძინა.

საპროტესტო ტალღამ თეთრ სახლამდეც მიაღწია, ასობით დემონსტრატმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან სხვადახვა ნივთი დაწვა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ისროლა. შექმნილი ვითარების გამო შტატების საიდუმლო სამსახური იძულებული გახდა, უსაფრთხოების მიზნით პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოჯახთან ერთად ბუნკერში გადაეყვანა.

საპროტესტო აქციებმა უკვე 80-მდე დიდი ქალაქი მოიცვა. პროტესტი ყველგან პოლიციასთან დაპირისპირებით სრულდება. დაკავებულია ასობით ადამიანი. დაპირისპირების შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ათობით მომიტინგე. მათ შორის არიან პოლიციელებიც. შტატების 40-მდე ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

ქაოსმა მოიცვა მინეაპოლისის ქუჩებიც. მაღალი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს შეიჭრა. მომხდარის შედეგად სატვირთოს მძღოლი დაშავდა, ის პოლიციამ უკვე დააკავა. ამავე შტატში პოლიციამ "დოიჩე ველეს" ჟურნალისტს ცეცხლი გაუხსნა, ინციდენტის დროს რეპორტიორი პირდაპირი ჩართვისთვის ემზადებოდა. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო რამდენიმე შტატში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული.

ზოგიერთ ქალაქში დემონსტრანტებს პოლიციელებიც შეუერთდნენ. სამართალდამცველების სოლიდარობას აქციის მონაწილეები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ქვეყნის მასშტაბით განვითარებულ მოვლენებს ანტიფაშისტურ მოძრაობა "ანტიფას" უკავშირებს. დონალდ ტრამპი ამ მოძრაობის ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანას გეგმავს.

საპროტესტო ტალღა ამერიკაში გასულ კვირას დაიწყო. აქციის მონაწილეები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებენ, რომელიც მინეაპოლისში ქვითრის გაყალბების ბრალდებით დააკავეს, რა დროსაც ფლოიდი პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და ბრალი მკვლელობის მუხლით წაუყენეს.

დღის ამბები