29 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
შეზღუდვების მოხსნის პირველი დღე - სავაჭრო ცენტრებსა და რესტორნებში დღეს ხალხმრავლობა იყო

შეზღუდვების მოხსნის პირველივე დღეს სავაჭრო ცენტრებს უამრავი ადამიანი ეწვია. ხალხმრავლობის მიუხედავად, მომხმარებლები რეკომენდაციებისა და რეგულაციების დაცვას ცდილობდნენ. დღეიდან მუშაობა ყველა სახის მაღაზიამ განაახლა.

თერმული კამერის მიერ მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მომხმარებელს სავაჭრო ცენტრის დატოვება მოუწევს. ზუსტად 74 დღიანი შეზღუდვის მოხსნის შემდეგ უკვე დღეიდან მოლებმა ფუნქციონირება ახალი რეგულაციებით დაიწყეს. ტემპერატურის შემოწმების გარდა, მომხმარებელი ვალდებულია დახურულ სივრცეში პირბადე ატაროს და ხელები სპეციალური ხსნარით დაიმუშაოს. მაღაზიებში დაცული უნდა იყოს 2 მეტრიანი დისტანცია.

თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ დღეს დილიდან ხალხი გამოჩნდა ღია სივრცის რესტორნებშიც. შეზღუდვები ამ ტიპის დაწესებულებებისთვისაც დღეიდან მოიხსნა.

მომავალში ვირუსის გავრცელების საფრთხის შესამცირებლად რესტორნებსა და კაფეებს გარკვეული რეკომენდაციების დაცვის ვალდებულება აქვთ. მათ შორის, აკრძალულია ერთ მაგიდასთან 6 ადამიანზე მეტის დაჯდომა. მაგიდებს შორის მანძილი 2 მეტრზე, სკამების საზურგეებს შორის კი 1 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. სარესტორნო ინდუსტრია შიდა სივრცეში სტუმრების მიღებას ზუსტად ერთ კვირაში, 8 ივნისიდან, შეძლებს.

შეზღუდვების ახალი ეტაპის მოხსნის პარალელურად, მოსახლეობას ხელისუფლების წევრები რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სწორედ სპეციალისტების რჩევების გათვალისწინება და ნიღბების ტარებაა იმის გარანტი, რომ ვირუსი ქვეყანაში ხელმეორედ არ აფეთქდეს.

მსოფლიო ეპიდსიტუაციისა და "კოვიდ 19-ის" გავრცელების რისკის გამო ქვეყანაში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეზღუდვა კვლავ რჩება. მათ შორის ისევ აკრძალულია ტაქსით 2 მგზავრზე მეტის გადაყვანა. შეზღუდვა ამ დრომდე მოქმედებს საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლაზე, ისევე როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სპორტულ და ფიტნეს ცენტრებზე.

დღის ამბები