ვაშინგტონში, საპროტესტო აქციებზე შტატების სპეცსამსახურის 50-ზე მეტი წევრი დაშავდა. ჩიკაგოში დემონსტრაციაზე დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. დაპირისპირება მოხდა პორტლენდშიც.
პოლიციამ მომიტინგეეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. თეთრ სახლთან აქციის მონაწილეებმა ამერიკის დროშები დაწვეს და ბარიკადების აღება სცადეს. სამართალდამცველებმა სხვადასხვა შტატში არეულობის დროს ასობით დემონსტრანტი დააკავეს.
მინეაპოლისში კი მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შეიჭრა. მომხდარის შედეგად სატვირთოს მძღოლი დაშავდა, ის პოლიციამ უკვე დააკავა.
ამავე შტატში პოლიციამ "დოიჩელე ველეს" ჟურნალისტს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როცა ის პირდაპირი ჩართვისთვის ემზადებოდა.
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო რამდენიმე შტატში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული. შტატების 40-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. შტატებში მიმდინარე არეულობებს ჯორჯ ფლოიდის უმცროსი ძმა გამოეხმაურა. მან ძალადობრივი საპროტესტო აქციები დაგმო და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.