29 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არის მნიშვნელოვანი, თუმცა ამისთვის უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმების პოლიტპატიმრების ნაწილი - სერგი კაპანაძე

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას შემდეგ კვირაში მიიღებენ.

სერგი კაპანაძის თქმით, მათი მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარდაჭერა მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ გიორგი რურუა გათავისუფლდება.

"8 მარტის შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც ეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ბოლომდე უნდა შესრულდეს, რათა 120/30-ზე შეთანხმების მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან იყოს შესაძლებელი. გიორგი რურუას გათავისუფლება არის მნიშვნელოვანი წინაპირობა. ჩვენი ინტერესი არის რომ საკონსტიტუციო ცვლილებები შევიდეს ძალაში, თუმცა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე ჩვენი მხრიდან ეს არ მოხდება.

რაც შეეხება უშუალოდ განხილვებში მონაწილეობას, ეს არის ტექნიკური ნაწილი. რეალურად, განხილვებიც არ იქნება, ეს არის სატელევიზიო ჩართვები. ამასთან დაკავშირებით, ამ კვირაში, თუ შემდეგ კვირაში, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ფორმით ჩავერთვებით ამაში. ჩვენთვის საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არის მნიშვნელოვანი, თუმცა ამისთვის უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმების პოლიტპატიმრების ნაწილი," - აღნიშნა კაპანაძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ მელიქიშვილი აცხადებს, რომ ვიდრე გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარდაჭერა არ ექნება.

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს. პროცესში ჩართვაზე უარს აცხადებს ოპოზიცია, რომელიც 8 მარტის შეთანხმების შესრულებას ითხოვს.

სახალხო მსჯელობა, რომელიც დისტანციურად ჩატარდება, თბილისსა და ბათუმში იგეგმება. საბოლოო კენჭისყრა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით 29 ივნისს უნდა შედგეს.

დღის ამბები