29 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
ახალი 11 შემთხვევიდან 8 ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, 3 კი მარნეულის სოფელი მარეთიდან - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან რვა ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, ხოლო სამი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან.

ეზუგბაიას თქმით, ახალი კლასტერი არ გაჩენილა.

"დღეს გვაქვს 11 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულიც გაიზარდა 19-ით. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა, დაავადებულებთან შედარებით უკვე 78,5%-ზე მეტია. ამ ეტაპზე, კოვიდინფიცირებით კოვიდცენტრებში 158 პაციენტი მკურნალობს. 11 ახალი შემთხვევიდან 8 არის საბურთალოს კლასტერიდან, ხოლო 3 არის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი მარეთიდან. ახალი კლასტერი არ გვყავს", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში 54 ინფიცირებული მკურნალობს.

"გუშინ მივიღეთ 6 ახალი დადასტურებული პაციენტი. ეს იყო მარნეულის სოფელი მარეთიდან და დანარჩენი იყო ბოლნისის წინა დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან.

მძიმე პნევმონიით მხოლოდ 3 პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა უკვე გაუმჯობესებული არის კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემებით, მაგრამ დღეს ველოდებით რადიოლოგიური კვლევის მონაცემებს. თუ რადიოლოგიური კვლევის მონაცემებითაც აღინიშნება გაუმჯობესება, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათთან მკვეთრი გაუმჯობესება გვექნება და მძიმეთა სიიდან ამოვიღებთ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, საშუალო სიმძიმის პაციენტია 50%.

ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რუტინული კვლევით, მსუბუქი სიმძიმით ფასდება. დღეს რადიოლოგიური კვლევა ჩატარდება ყველასთან," - აღნიშნა ეზუგბაიამ.

დღის ამბები