29 ნოემბერი 2024,   23:52
ვრცლად
შეძლებს თუ არა მსოფლიო ინფიცირებულთა რაოდენობის შეჩერებას - პანდემიის პარალელურად სხვადასხვა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი აქციებია

ესპანეთი ფართომასშტაბიანი საპროტესტო ტალღის მოლოდინშია - მიზეზი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდება. მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ ვიდრე შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება, საჭიროა ქვეყნის მასშტაბით ეპიდვითარება სრულად გაკონტროლდეს.

ესპანეთის პრემიერმა შესაბამისი დადგენილებით უკვე მიმართა პარლამენტს და საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია.

ესპანეთი არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც მოსახლეობა აკრძალვების გაუქმებას ითხოვს. მძიმე სოციალური მდგომარეობს გამო ქუჩაში გამოვიდნენ სამხრეთ ამერიკელებიც.

კოვიდ-19-ის გამო დაწესებული რეგულაციების მოხსნა სურთ გაერთიანებული სამეფოშიც, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ხანგრძლივ შეზღუდვებს ვერ დააწესებენ და აუცილებელია ეტაპობრივად მათი შემსუბუქება. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ექსპერტების მხრიდან უკვე მოჰყვა მკაცრი კრიტიკა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კოვიდინფიცირების სტატისტიკა შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას არ იძლევა და შესაძლოა, ამან ინფიცირების რაოდენობის საგანგაშო ზრდა გამოიწვიოს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება გააკრიტიკა შოტლანდიის პირველმა მინისტრმაც. ნიკოლას სტერჯენის თქმით, თუკი გაერთიანებულ სამეფოში შეზღუდვები ნაწილობრივ მაინც მოიხსნება, შესაძლოა, ხელისუფლებამ პანდემიის გავრცელებაზე კონტროლი სრულად დაკარგოს.

რეგულაციების მოხსნას გერმანიაში ინფიცირების სტატისტიკური მონაცემების მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოჰყოლია. გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის შეჩერება ხელისუფლებისა და საზოგადოების თანამშრომლობის შედეგად მოხერხდა. გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ის 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ლეტალურად დასრულდა 11 შემთხვევა.

შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება ისრაელსა და საუდის არაბეთში. იერუსალიმში მდებარე მსოფლიოში უძველესი მუსლიმური ალ-აქსას მეჩეთი, ორთვიანი პაუზის შემდეგ, მომლოცველებისთვის კვლავ გაიხსნა.

მეჩეთები გაიხსნა საუდის არაბეთშიც. 21 ივნისამდე გაგრძელდა შეზღუდვები მუსლიმების წმინდა ქალაქ მექაში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ურზამ ბაირამის დროს, ვირუსის შესაძლო გავრცელებისგან თავის არიდების მიზნით მიიღო.

დღის ამბები